ყაზახეთში, ქალაქ ატირაუში ხალიკ ბანკის გენერალური სპონსორობით ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდა, როგორც ყაზახეთის, ისე საქართველოს ბიზნეს დელეგაცია.

„ვიზიტის ფარგლებში, ბიზნეს შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, ყაზახურ-ქართული გაერთიანების ორგანიზებით და საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ატირაუს ოლქის ადმინისტრაციის მხარდაჭერით“.

ბიზნეს ფორუმზე ხალიკ ბანკ საქართველოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გეგუჩაძე სიტყვით გამოვიდა. მან ხალიკ ბანკის განვითარების გზაზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნიკოლოზ გეგუჩაძემ ასევე ისაუბრა ხალიკ ბანკის უნიკალურ შესაძლებლობაზე, რომელიც მოიცავს ყაზახურ-ქართული ბიზნესურთიერთობების განვითარების მხარდაჭერას. მან ატირაუ ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ეკონომიკურ ჰაბად მოიხსენია, რომელიც ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის ქმნის ხელსაყრელ გარემოს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონი არამარტო ნავთობისა და გაზის მრავალი საერთაშორისო პროექტითაა ცნობილი, არამედ სხვადასხვა ბიზნესს სთავაზობს განვითარებისთვის საჭირო პირობებს ისეთ დარგებშიც, როგორიცაა ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, გადამუშავება და ტურიზმი. ატირაუ ავითარებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს და სატრანსპორტო დერეფნებს, რომლებიც აკავშირებს ჩინეთს, კასპიის რეგიონს და ევროპას — რაც მას გარდამავალი ჰაბის ფუნქციას ანიჭებს. აღნიშნული განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის რეგიონს სატრანსპორტო და სავაჭრო სექტორის ქართული კომპანიებისთვის.

ხალიკ ბანკი საქართველო, როგორც ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ჯგუფის წევრი ყოველთვის იქნება მსგავსი ბიზნეს ფორუმების მხარდამჭერი, რათა კიდევ უფრო განავითაროს და ხელი შეუწყოს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ბიზნესპარტნიორულ ურთიერთობას.