საქართველოში სოფლის მეურნეობაში მუშახელის საშუალო დღიური ანაზღაურება ზოგჯერ 120 ლარსაც აღწევს - ამის შესახებ "აგრო 1959"-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ხანიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„დიდ ფერმებში დასაქმებულები არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელებიც. სტანდარტულად კი, დაქირავებულ მუშახელს დღიურად საშუალოდ 60-80 ლარს უხდიან. მაგრამ არის პერიოდი, როდესაც ანაზღაურება 120 ლარიც კი არის. უფრო მეტიც, მაგალითად, ჯავახეთში კარტოფილის ამოღებაზე ერთ დღეში 150 ლარზეც ადიოდა მუშახელის ანაზღაურება“, - განაცხადა ხანიშვილმა.

ამასთან, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ღია ეკონომიკის ქვეყანა უნდა იყოს.

„მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სრული არჩევანი, რა იყიდოს და ვისი წარმოებული, ხოლო ბიზნესს უნდა ჰქონდეს არჩევანი, ბაზარს მეტი ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.

ჩვენ გვავიწყდება საიდან მოვდივართ: საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდში, სოფლის მეურნეობას ჰყავდა 27 ათასი ტრაქტორი თავისი სრული აღჭურვილობით, ჩვენ შევძელით და ეს რიცხვი დავიყვანეთ ნულზე და ჯართად გავყიდეთ. საჯარო სექტორში იყო 15 მლნ ფრთა ქათამი და 1991 წლის სტატისტიკაში ეს რიცხვი ასევე იყო ნული. 1.9 მლნ და კერძო სექტორთან ერთად 2 მლნ-ზე მეტი იყო ცხვარი და დღეს 700 ათასი სული ცხვარი გვყავს“, - განაცხადა მან.

წყარო: BPN.GE