საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება ყოველწლიური საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებს აერთიანებს თითქმის მთელი მსოფლიოდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინანსური სექტორისთვის აქტუალური საკითხების განხილვას დაეთმობა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკის, ფინანსური მარეგულირებელი ორგანოებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
ფინტექ ღონისძიების ფარგლებში საქართველო საკუთარი პავილიონით წარდგება, სადაც საერთაშორისო აუდიტორიას ქვეყნის ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების გაცნობის შესაძლებლობა ექნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ღია საბანკო მომსახურების ჩარჩო, მარეგულირებელი სენდბოქსი, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა და საგადამხდელო სისტემების განვითარების პროექტი.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს საბანკო და ფინტექსექტორის წარმომადგენლები. დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ფინტექასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალს დაესწრება „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული ჰაკათონის გამარჯვებული გუნდიც, რომელსაც შესაძლებლობა ექნება საკუთარი იდეები და ინოვაციური გადაწყვეტები საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოს.
ფესტივალში, რომელიც წელს დაარსებიდან 10 წელს აღნიშნავს, მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი, გერმანიის ბუნდეს ბანკი, ინგლისის ბანკი, იაპონიის, ესპანეთის და დანიის ცენტრალური ბანკები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. კერძო სექტორს კი ფინანსური და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ისეთი მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ, როგორებიცაა - J.P. Morgan, Visa, Mastercard, Ant International, Tencent, Amazon Web Services და სხვა კომპანიები.
ფესტივალის მთავარი თემაა „ფინანსური სისტემის მოახლოებული რეკონფიგურაცია: ახალი რისკები, ახალი წესები, ახალი ზრდა“. დისკუსიები ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ტექნოლოგიებს, გეოეკონომიკას, კაპიტალს, ლიდერობასა და პოლიტიკას.
ფესტივალი 100-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის 70 000-ზე მეტ მონაწილეს გააერთიანებს.
სინგაპურში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტი სებ-სა და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელს (GFTN) შორის არსებული გრძელვადიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა. GFTN-ის საერთაშორისო ღონისძიებების ქსელი მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებსა და ფინანსურ ცენტრებს აერთიანებს. მისი გეოგრაფია მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ინდოეთი, ავსტრალია, ესპანეთი და სხვა. საქართველო ამ ჩამონათვალს გასულ წელს შეუერთდა, როგორც „თბილისის ფინანსური სამიტის“ მასპინძელი ქვეყანა.
შეგახსენებთ, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი“ ეროვნულ ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და GFTN-ს შორის თანამშრომლობით იმართება და საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში პოზიციონირებას, გლობალურ პარტნიორებთან კავშირების გაღრმავებასა და ქვეყნის ფინანსური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება. ამ პარტნიორობის ფარგლებში წელს უკვე მეორედ გამართულ „თბილისის ფინანსური სამიტში“ 60-მდე ქვეყნის ქვეყნის 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.













