საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს მომდევნო ემოციური მატჩი 22 ივნისის ელოდება, როცა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს ჰამბურგში დაუპირისპირდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც არიან ჩასული მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობენ. ამას გარდა, უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი „ჩუმად" გულშემატკივრობს „ჯვაროსნებს". საჯაროდ ამის აფიშირებას კი, ასეთი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, გასაგები მიზეზის გამო თავს არიდებს.
ის ტენდენცია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გულშემატკივრობენ, ჯერ კიდევ 26 მარტის ისტორიული მატჩის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა თბილისში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება.
მატჩის მომდევნო დღეს გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, მათ შორის ერთ-ერთი „საქართველო ევროპაზეა - ვზეიმობთ აფხაზეთში". კადრებში კარგად ჩანს, ტელევიზორის წინ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალურად შეკრებილი ხალხი, გამარჯვების გოლის შემდეგ კი - ემოციები და ერთმანეთისთვის მილოცვა.
გარდა ამისა, სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში იმაზე მიდიოდა მსჯელობა, თუ საქართველოს ნაკრების რამდენი ფეხბურთელია აფხაზეთიდან. განსაკუთრებით ხშირად კი ასახელებდნენ საბერძნეთთან მარტში გადამწყვეტი გოლის ავტორს: „კვეკვესკირი ხომ ნამდვილად ჩვენი ბიჭია", - სიამაყით წერდა „ფეისბუქის" ერთ-ერთი აფხაზი მომხმარებელი.
როგორ გულშემატკივრობენ ეროვნულ ნაკრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსს" უყვება, ჩავიდა თუ არა ვინმე გერმანიაში საქართველოს საქომაგოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ თამაშზე იმყოფებოდა სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტებში სწავლობენ და რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფილი მცხოვრებლები არიან.
„ისეთი კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რომ, მაგალითად, გალიდან ჩავიდა ვიღაც სპეციალურად გერმანიაში საქართველოს საგულშემატკივროდ, მაგრამ ის ადამიანები რომ იყვნენ, რომლებიც ევროპაში არიან, ოკუპირებული ტერიტორიების ყოფილი მცხოვრებლები, ეს ვიცი. მეტსაც გეტყვით, თამაშზე იმყოფებოდა სტუდენტების ხუთკაციანი ჯგუფი, რომლებიც, რამდენადაც მე მივხვდი, პრაღის ან ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი ესწრებოდნენ ამ თამაშს და ერთ ამბავში იყვნენ", - განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, უშუალოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მყოფი მოქალაქეები თუ გულშემატკივრობენ ღიად საქართველოს ნაკრებს, არეშიძემ დადებითად გვიპასუხა და გვითხრა, რომ ინტერნეტში ამის ამსახველი კადრებიც გავრცელდა.
„როგორ არა. გავრცელდა კიდეც სოციალურ ქსელში კადრები, გალის მაცხოვრებლები ჩვენი ნაკრების თამაშს როგორ გულშემატკივრობენ. ცნობილი კადრები იყო საბერძნეთის ნაკრებთან თამაშის დროს - ძალიან ბევრი უყურებდა ერთად და ახლაც ვრცელდება კადრები.
„სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემთვის პირადად ეს მოულოდნელიც კი იყო, რადგან ვიცი, რომ აფხაზეთის უშიშროების მხრიდან მკაცრად კონტროლდება, სპეციალური სამსახურია, რომელიც სოციალურ ქსელებს აკვირდება ქართველების საქციელს. ეს კონტროლდება, მაგრამ ახლა რამდენადაც ვატყობ, ეს კონტროლი გვერდზე გადაიწია, რადგან ამათმა თავიანთ თავს უფლება მისცეს.
„სხვათა შორის, ამ კადრებში გალის რაიონის მცხოვრებლებიც ვნახე და არა მხოლოდ გალის - გალის რაიონს ომის მერე ჩამოაჭრეს რიგი სოფლები და ტყვარჩელს შეუერთდეს და იმ სოფლებშიც ვნახე ასეთი გულშემატკივრები.
„თურქეთთან მატჩის დროსაც გულის დაწყვეტის გამომხატველი რეაქციები იყო. აფხაზების და ოსების მხრიდან აგრესიული და გახარებული რეაქცია - არიქა, წააგეს ქართველებმა, რა კარგიაო - მაინცდამაინც არ შემიმჩნევია. ოსებისგან ეს საერთოდ არ გამიგია, მაგრამ აფხაზების მხრიდან კანტიკუნტად იყო.
„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თურქი მაყურებლების მხრიდანაც გაორებული დამოკიდებულებაა. ჯერ ერთი, ქართველების მიმართ გარკვეულ ნაწილში დიდი პატივისცემა ჩანს. მეორე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, „ჩვენებურების" მხრიდანაა ძალიან კარგი გამოხმაურებები. საოცარი ისაა, რომ ლაზების გამოხმაურება პოზიტიურია და არ დაგვავიწყდეს, რომ არდა გიულენი - თურქეთის ნაკრების მოთამაშე, ვინც გოლი გაგვიტანა 18 ივნისის მატჩში, ლაზია. ეს თავისთავად ძალიან სასიამოვნოა.
„ჩვენი ნაკრების მოქმედებაც დასაფასებელია. ჩემს ცხოვრებაში პირველად, ჩვენი ნაკრების წაგება მე არ მწყენია. მართალია, თამაშით წავაგეთ, მაგრამ მოვიგეთ ამბავი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებთაგან, ვისთანაც პირადი საუბრები ჰქონია, საქართველოს ნაკრების თამაშს მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ და გულშემატკივრობენ.
„არ გამიგია გერმანიაში თუ ვინმე ჩავიდა. ვისაც მე ვიცნობ, მათგან არავინ ჩასულა, მაგრამ სოხუმში რომ საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობენ, ამას აფიქსირებენ. თამაშის შემდეგ, როცა კონტაქტები გვქონდა, მითხრეს, რომ უყურეს და საქართველოს ნაკრები შეაქეს, რადგან ასეთ კარგ თამაშს არ ელოდნენ. პირად ნაცნობებთან ზოგადი შეფასება იყო ძალიან დადებითი. სოცქსელებში არ მინახავს.
„26 მარტსაც ასე იყო. არ ელოდნენ და აღიარეს, რომ კარგად ითამაშეს. ბევრს მატჩები არც უნახავს, მაგრამ დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია, რომ რაღაც უარყოფითად ეთქვათ.
„აშკარად დადებითი განწყობაა არა მხოლოდ ფეხბურთის მიმართ, არამედ ზოგადად, როცა საქართველო რაიმე წარმატებას აღწევს, იგივე ახლა მიტინგები რომ იყო „აგენტების კანონის" წინააღმდეგ. თუ რამეს კარგს გაიგებენ, როგორც წესი, არ გაუშვებენ შანსს ხელიდან არ თქვან, რომ „ყოჩაღ!" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
წყარო: resonancedaily.com