კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წელს, GCCA-ში - 1470 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5450 შეადგინა.

სააგენტოს განმარტებით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 65 %-ით არის გაზრდილი. მათივე ინფორმაციით, დასრულებული საქმეების 90 % მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მათ 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.

„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 183 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 288 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 85 მოვაჭრეს - 139 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 135955 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 182 საქმეზე - 161 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, 2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 66 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 34 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 4 %, კახეთი 2 %, ქვემო ქართლი 2 %, შიდა ქართლი 2 %, სამეგრელო - ზემო სვანეთი 2 % და სხვ.

2025 წლის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 465 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 484, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 273, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 112, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 46, ხოლო სხვა დანარჩენზე - 90. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 73 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 5 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 10 %“,-აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.