ჟურნალ Forbes-ის პროექტი 30 Under 30 ყოველწლიურად ახალგაზრდა ლიდერებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს აერთიანებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სფეროს განვითარებაში. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ წელს ბანკი Forbes under 30-ის სპონსორია.
ამ მასალაში განათლებისა და მეცნიერების კატეგორიაში 2024 წლის გამარჯვებულს მარიამ მაღლაკელიძეს გაგაცნობთ. მარიამი წარმატებული არქიტექტორი, ლანდშაფტის დიზაინერი, მკვლევარი და კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესორია.
არქიტექტურა და კრიტიკული აზროვნება
მარიამის აზრით, თანამედროვე არქიტექტურა ეკოლოგიურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ პროცესებს აერთიანებს. ამ რთული კავშირების დასანახად და გასააზრებლად კი განათლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
სტუდენტებთან ურთიერთობისას ცდილობს, მათ არა მხოლოდ მშრალი ცოდნა მიაწოდოს, არამედ კრიტიკულად ფიქრიც ასწავლოს:
ჩემს პრაქტიკაში კვლევა ურთიერთკავშირების გამოვლენის, გააზრებისა და არქიტექტურულ ცოდნად გარდაქმნის მეთოდოლოგიური საფუძველია. ჩემთვის მთავარი ღირებულება კრიტიკული აზროვნებისა და მიდგომის ჩამოყალიბებაა - უნარი, რომ სტუდენტებმა გადაიაზრონ არსებული სისტემები და თანამედროვე გარემოსდაცვით გამოწვევებზე ახალი სივრცითი და მატერიალური პასუხები იპოვონ.
საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნის გაზიარება
მარიამის პროფესიული გზა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო, ლისაბონისა და ესტონეთის უნივერსიტეტებში გაგრძელდა, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო განათლების მიღებით ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს ცოდნას ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს უკვე
თავად უზიარებს.
Forbes 30 Under 30-ში გამარჯვება სწორედ ამ გამოცდილების, იდეებისა და განსხვავებული პერსპექტივების გაზიარების მნიშვნელოვანი სივრცეა. ასეთი პლატფორმები ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის აუცილებელ კავშირსა და დიალოგს აყალიბებს.
ინდივიდუალური განვითარებიდან უკეთეს გარემომდე
მარიამისთვის განათლებაში ჩადებული რესურსი მხოლოდ პირად წარმატებას არ ემსახურება. ეს, პირველ რიგში, უკეთესი გარემოსა და საერთო კეთილდღეობის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია:
განათლების მხარდაჭერა მხოლოდ ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა არ არის. ის ქმნის გარემოს, სადაც ახალი ცოდნა, კრიტიკული აზროვნება და განსხვავებული პროფესიული ხედვები შეიძლება ჩამოყალიბდეს და განვითარდეს.
მათ, ვისაც არქიტექტურისა და მეცნიერების მიმართულებით სურთ საკუთარი გზის პოვნა, მარიამი ურჩევს, რომ მუდმივად შეინარჩუნონ ცნობისმოყვარეობა. განათლება ამ სფეროში არ ნიშნავს მხოლოდ მზა პასუხების დაზეპირებას, ის ექსპერიმენტებსა და განსხვავებულ სფეროებთან დიალოგს მოითხოვს:
მნიშვნელოვანია, არ ეძებოთ მხოლოდ მზა პასუხები, დასვათ ზუსტი კითხვები, გამოცადოთ საკუთარი იდეები და ჩამოაყალიბოთ დამოუკიდებელი კრიტიკული პოზიცია. ვფიქრობ, სწორედ ეს ქმნის საფუძველს საკუთარი პროფესიული მიმართულებისა და პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.
მარიამის მსგავსი პროფესიონალების აღმოჩენა და წახალისება საქართველოს ბანკისთვის მთავარი პრიორიტეტია. ახალი თაობის იდეების მხარდაჭერა ის საფუძველია, რომელიც რეალობას უკეთესობისკენ ცვლის, ამიტომ ბანკის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.













