ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართა კონფერენცია თემაზე - „მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა, ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ და პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA) ხელმძღვანელის მოადგილემ დარიუშ დანილიუკმა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო მდგრადობის ანგარიშგების როლი თანამედროვე კორპორაციული ანგარიშგების სისტემაში, მისი მნიშვნელობა კომპანიების გამჭვირვალობის, ანგარიშგების ხარისხისა და ინვესტორთა ნდობის ამაღლებისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA) წარმომადგენლებმა, გაეცნენ პოლონეთის პრაქტიკულ გამოცდილებას იმ საკითხებზე, რომლებიც მდგრადობის ანგარიშგებისა და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების დანერგვას, ზედამხედველობასა და პროფესიული პრაქტიკის განვითარებას უკავშირდება.

გაიმართა საჯარო განხილვები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის, საპენსიო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებმა.

მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში მდგრადობის ანგარიშგების განვითარების მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ პროცესი საჭიროებს ეტაპობრივ, პროპორციულ და პრაქტიკულ მიდგომას, რომელიც ერთდროულად გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას, კომპანიების მზაობას, აუდიტორული სექტორის შესაძლებლობებსა და ბაზრის საჭიროებებს.

ღონისძიებას დაესწრნენ აუდიტორები, აუდიტორული ფირმები, საწარმოები, საჯარო და კერძო სექტორის, მარეგულირებელი უწყებების, პროფესიული წრეების, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია შეაჯამა სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ. მან ყურადღება გაამახვილა მდგრადობის ანგარიშგებისა და მარწმუნებელი მომსახურების მნიშვნელობაზე საქართველოს კორპორაციული ანგარიშგების სისტემის შემდგომი განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული დიალოგი და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა აღნიშნული მიმართულების ეტაპობრივი და ეფექტიანი განვითარებისთვის.