ანალიტიკოსი დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფების მიზეზებზე საუბრობს:
"ტრამპის გამოსვლაში The Liberation day ტარიფების გაზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი იყო ფრაზა ჩინეთზე, როცა ტრამპმა პეკინისთვის 54%-იანი ტარიფის დაწესება ახსნა მათ შორის იუანის ხელოვნური დევალვაციით.
ამ ხრიკით ჩინეთის კომპარტია უკვე 25 წელია ხელოვნურად აძვირებს იმპორტს და აიაფებს ექსპორტსო.
არის ეს ლეგიტიმური არგუმენტი?
დიახაც არის არგუმენტი!
პეკინის ხელში ვალუტის ხელოვნური „დასუსტება“ სტრატეგიული „ინსტრუმენტია“ და განსხვავებით დასავლური სახელმწიფოებისგან, ამ ინსტრუმენტს პეკინი იყენებს ავტოკრატიულად, რაკი არ ჰყავს ოპოზიცია, არც თავისუფალი მედია, არ ტარდება არჩევნები, ფაქტიურად არ არსებობენ პროფკავშირები, რეალურად აკრძალულია გაფიცვები, დემონსტრაციები ინფლაციის საპროტესტოდ და ა.შ და ა.შ.
ანუ ლი ქუანიუს „ლიბერტარიანულ“ სინგაპურული მოდელით, ჩინეთს აქვს საბაზრო ეკონომიკა „ლიბერალური დემოკრატიის“ ან თუნდაც „ელექტორალური დემოკრატიის“ გარეშე, ხოლო „იუანის“ ინსტრუმენტი ამგვარ სისტემაში გამოიყენება უპირატესობის მოსაპოვებლად საგარეო ვაჭრობისას.
რამდენი წელია ამერიკელები და ევროპელები ლაპარაკობენ იუანის ხელოვნურ დევალვაციაზე, როგორც ვაჭრობაში უპირატესობის მოსაპოვებელ მეთოდზე? თუმცა რეალურად ქმედით ნაბიჯებს ვერ ბედავდნენ
ტრამპმა გაბედა, რადგან....... „გიჟია“.
რა შედეგს გამოიღებს მისი გიჟობა - ცალკე თემაა, თუმცა მ ო ტ ი ვ ი ნამდვილად ეს იყო: დასავლურ ეკონომიკებთან ჩინეთის ფუნდამენტური უპირატესობის მოშლა, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ავტოკრატიული ინსტრუმენტალის გამოყენებაში მდგომარეობდა.
და ეს „ინსტრუმენტალი“ არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალუტის მიზანმიმართული დევალვაციით. სხვა ინსტრუმენტებიც აქვს ეკონომიკაში ჩინურ კომპარტიას.
თავის მხრივ, ტრამპის მიერ ნახსენები პრობლემა „ილინკება“ კიდევ უფრო ღრმა პრობლემასთან: ლი ქუანიუს მეთოდით, რომელიც დენ სიაოპინმა გადმოიღო (საბაზრო ეკონომიკა ავტოკრატიული სახელისუფლებო სისტემით) ჩინეთი 50 წლის შემდეგ, არაა გამორიცხული, ისევე განვითარდეს, როგორც განვითარდა სინგაპური 50 წლის განმავლობაში.
ოღონდ სინგაპური 5,5 მილიონია ხოლო ჩინეთი 50 წლის შემდეგ შესაძლოა 2 მილიარდიც იყოს.
აი მაშინ კი........დასავლეთს.
„გიჟი“ ტრამპის პოლიტიკური მეთოდიც, ზოგადად, სწორედ ისაა, რომ იგი პასუხობს გამოწვევებსა და Concerns, რომელიც დიდი ხანია არსებობს დასავლურ ელიტებში, უბრალოდ სხვები რეაგირებას ვერ ბედავდნენ თუმცა......ჯერ კიდევ ობამამ და მისმა მეწყვილე ბაიდენმა სცადეს ჩინეთის „დატორმუზება“ სამი ნაბიჯით:
ა) წყნარი ოკეანის საერთო ბაზრის შექმნა.
ბ) AUKUS სამხედრო ბლოკის ჩამოყალიბება
გ) რაც ძალზე არსებითია: „ანტიჩინურ პარადიგმაში“ ჩინეთის ისტორიული მტრის, ოდესღაც ამერიკის
„მოსისხლისა“ და ახლა ამერიკის ერთგული მოკავშირის, იაპონიის შემოყვანა პეკინის გასაწონასწორებლად.
იაპონია იმიტომაცაა უნიკალური, რომ WWII-ში დამარცხების შემდეგ საოცრად განვითარდა ავტოკრატიის გარეშე, თუმცა მისი ეკონომიკური მოდელი ძალიანაც ჰგავდა სინგაპურის ან თანამედროვე ჩინეთის მოდელებს.
ოღონდ თავისუფალი მედიის, თავისუფალი პროფკავშირების, დემოკრატიული არჩევნების, პლურალიზმის და/ანუ ლიბერალური დემოკრატიის პირობებში.
აი ამ ფენომენის ახსნა სრულყოფილად ვერავინ შეძლო. ალბათ პასუხი იაპონურ კულტურასა და აკირო კუროსავას გენიალურ ფილმებში უნდა ვეძიოთ", - წერს გამცემლიძე.