სასესხო საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა 0% ვერასდროს გახდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ლევან ძნელაძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სასესხო საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროცენტის შემცირება ბევრ სხვადასხვა პარამეტრზეა დამოკიდებული.

"მოგეხსენებათ, რომ ბანკი არის დაწესებულება, რომელიც ფულის რესურსებს გარკვეული საფასურის ხარჯზე  გასცემს იმისათვის, რომ ერთის მხრივ დაკმაყოფილდეს პირველადი მოთხოვნა, ხოლო მეორეს მხრივ, გამოყენებული იქნეს სამეურნეო საქმიანობისთვის. განაკვეთის შემცირების შესაძლებლობები დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, იმ პარამეტრებზე, რომლის თარგეთირებაც ჩვენთან ხდება. მინდა მოგახსენოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ თვალსაზრისით. უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში 3%-ით შემცირდა და დღეს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი 8%-მდეა.

შეიძლება თუ არა უფრო ქვემოთ წამოვიდეთ?! რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ 0% ვერასდროს გახდება პირდაპირ გეტყვით და ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. თუ საერთაშორისო სტანდარტებით შევხედავთ ამ პროცესს,  შეიძლება ითქვას, რომ 8% შედარებით მაღალი მაჩვენებელია, თუმცა იმ ეკონომიკისათვის, იმ რეგიონალური გამოწვევებისათვის, რომელშიც ჩვენ ვართ და იმ რისკების კვალობაზე, რომელიც არსებობს - ვფიქრობ, რომ ეს ის პარამეტრია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას კომერციულ ბანკებში მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ იმისათვის, რომ იაფი სესხის შესაძლებლობა ჰქონდეს როგორც სამომხმარებლო, ისე სამეწარმეო ბაზარს. პერსპექტივაში როგორც გითხარით - ეს დამოკიდებულია ბევრს სხვადასხვა პარამეტრზე.

ჩვენც ამისთვის ვართ მოწოდებული, რომ რაც უფრო მეტი ბრუნვა იქნება და მეტი რესურსი იქნება გამოყენებული ეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი და განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტი გახლავთ", -  აცხადებს ლევან ძნელაძე.