"ეროვნული ბანკი, ჩემი აზრით, მოქმედებს ზომიერად, სტაბილურად და სწორად და არ აკეთებს ხისტ ჩარევას ამ პროცესში", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებს. შამუგია სებ-ის საბჭოში 4 წარდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთია.
კომიტეტმა ოთხივე კანდიდატი ერთხმად დაამტკიცა.
"ჩვენ ვხედავთ ამ წლების განმავლობაში, რომ ინფლაცია დაბალია. ლარის კურსთან მიმართებით არის გარკვეული მერყეობები, მაგრამ ეს არ არის განპირობებული ფუნდამენტური ფაქტორებით. ეს არის გამოწვეული მეტწილად მოლოდინებით. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი, ჩემი აზრით, მოქმედებს ზომიერად, სტაბილურად და სწორად და არ აკეთებს ხისტ ჩარევას ამ პროცესში. ვინაიდან ხედავს, რომ ეს პროცესები არა ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ კონკრეტული შოკებით და არასტაბილური ვითარებითაა გამოწვეული, რომელიც შემდგომ წყნარდება. ამ პროცესს ჩვენ ბოლო პერიოდში ხშირად ვხედავდით და ვხედავთ, რომ ლარი შემდგომში უბრუნდება ძველ მაჩვენებელს.
ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხედავთ ეკონომიკაში რაიმე ისეთ გამოწვევას ამ კუთხით ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. თუმცა, გავიმეორებ, რომ ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები. დღევანდელი რეალობით, რაიმე საფრთხე ლარის სტაბილურობას არ ემუქრება", - განაცხადა შამუგიამ.