ეროვნულის ბანკის მიერ სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების მიზანია, ხელფასებისა და ეკონომიკური მაღალი ზრდის პირობებში შენარჩუნდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და დაბალშემოსავლიანი მსესხებლებისთვის ვალის ტვირთი მდგრად დონეზე დარჩეს, – ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის პირველი თებერვლიდან 2 000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.

დავითი უტიაშვილის განმარტებით, ამ დრომდე არსებული მიდგომა 2018 წლიდან მოქმედებს და მსესხებლის შემოსავლის მიხედვით განსაზღვრავს, რა მაქსიმალური წილი შეიძლება მოხმარდეს სესხის მომსახურებას. 2018 წელს, როდესაც საშუალო ხელფასი 1 000 ლარამდე იყო, 1 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური ზღვარი 25%-ით, ხოლო 1 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში 50%-ით განისაზღვრა. 2022 წელს შემოსავლის ზრდასთან ერთად შესაბამისი ზღვარი 1 000-დან 1 500 ლარამდე გაიზარდა.

„საშუალო ხელფასი უახლოვდება  500 ლარს და ვფიქრობთ დროა, არსებული ზღვარი 1 500 ლარიდან 2 500 ლარამდე ავწიოთ. ჩვენი მიზანია, დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ დააწვეს იმაზე მეტი ვალის ტვირთი, რომლის მომსახურებაც ფინანსური სირთულეების გარეშე შეძლებენ, მათ შორის, სტრესის დროს“, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ეტაპობრივი ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას.