„ჩვენი პროგნოზით, ლარი ფართო სტაბილურობას შეინარჩუნებს“, - ამის შესახებ Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა, არვინდ რამაკრიშნანმა BMG • ბიემჯისთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც იცით, ეროვნულმა ბანკმა წელს დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი შეისყიდა, მაგრამ ლარმა სიმყარე მაინც შეინარჩუნა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - ერთია ძლიერი ფულადი ნაკადები ეკონომიკაში;

მეორეა ტექნიკური მოცემულობა. მაგ., უცხოური ვალუტის შესყიდვის-გაყიდვის წესები. BMatch პლატფორმის წესების მიხედვით, სებ-ი ვერ შეისყიდის ვალუტას, თუ ტრენდი გაუფასურებისკენაა;

მესამეა დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებაც, რაც უფრო მეტ უცხოურ ვალუტას ათავისუფლებს საბანკო სისტემაში;

და ბოლოს, ამას პირდაპირ მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ბოლო პერიოდში სუსტი დოლარიც ლარს ირიბად დამატებით აძლიერებს“, - აღნიშნა არვინდ რამაკრიშნანმა.

მისივე თქმით, გაცვლით კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საკრედიტო დინამიკისთვის, რადგან ქვეყნის ვალის დაახლოებით 70% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.