საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7 პროცენტამდე გაზარდა. აქამდე ცენტრალური ბანკი წელს ქვეყანაში ხუთპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.

განახლებული პროგნოზით საქართველოს ეროვნული ბანი მშპ-ს უფრო მაღალ ზრდას მოელის, ვიდრე საქართველოს მთავრობა, ვინაიდან 2025 წლის ბიუჯეტი ექვსპროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი.

„საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება, თუმცა ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით შემუშავებული საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში სამი პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს ხუთიდან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი, მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის, ხუთი პროცენტის ფარგლებში დასტაბილურება", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.