“ყურადღებას უფრო მეტად არაკონტროლირებად რძესა და მისგან ნაწარმოებ პროდუქტებზე გავამახვილებდი, ვიდრე ჩვენი მწარმოებლებისაგან შექმნილ პროდუქციაზე. უდიდესი პრობლემები პირველად წარმოებაში , საოჯახო მეურნეობებშია” – ამის შესახებ „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერმა, მიხეილ სოხაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სოხაძე ე.წ. რძის სკანდალს გამოეხმაურა.
“ბოლო სკანდალებს რაც შეეხება, მე პოზიტიურად შევხედავდი ამას და ვიტყოდი, რომ ძალიან კარგია, რომ საზოგადოება ამ თემაში საკმაოდ სწრაფად და მალე ჩაერთო. მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენი მომხმარებელი უფრო განვითარებული და მცოდნეა, ვიდრე 10 წლის წინ იყო. მე თვითონაც მინახავს და რაღაცნაირად მსიამოვნებს ხოლმე, როდესაც ვინმე რაღაცას ყიდულობს და ეტიკეტს ათვალიერებს, უკვირდება. ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ, სანამ რაიმე პროდუქტს შევიძენთ. ელემენტარული ინფორმაციაა, რაც ჩვენ შეგვიძლია, ეტიკეტიდან მივიღოთ: მაგალითად, ტემპერატურული რეჟიმი, მისი წარმოების თარიღი, შენახვის ვადები და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. რძის სკანდალს, ეს თავიდან ფრინველთა ექსკრემენტების თემით დაიწყო. მოკლედ გეტყვით, რომ ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია, როდესაც პირუტყვს ექსკრემენტებს აჭმევენ. ეს იაფი პროტეინის წყაროა, თუმცა თავისი წესები გააჩნია, ის აუცილებლად შემოწმებული უნდა იყოს. ვამბობთ ხოლმე, რომ ეს ამერიკაში დაშვებულია, დაშვებული იმიტომაა, რომ საიდანაც მიიღება, იქ ანტიბიოტიკები არ გამოიყენება, ამასთან ხდება მისი შესაბამისი დამუშავება, გამოშრობა. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს: მას ვერც წამოდუღება, ვერც გაფილტვრა და ვერც სხვა ვერაფერი ვერ შველის.
მოდი, ვეცადოთ ლოგიკურად მივყვეთ ყველაფერს: ექსკრემენტებით კვების ამბავი და რძეში აფლატოქსინების აღმოჩენა დროში ერთმანეთს ძალიან დაემთხვა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ერთჯერადი კვლევა არ არის, რომელიც სახელმწიფომ ჩაატარა. ეს ყოველ წელს, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. მსგავსი შემთხვევა რომ აღმოჩენილიყო, ის აუცილებლად ცნობილი იქნებოდა, მედიაში იქნებოდა, ანუ, ჩვენ შეგვიძლია, ეს პროდუქტები ძალიან მშვიდად მივირთვათ, იმიტომ, რომ სურსათის სააგენტომ დროზე აღმოაჩინა, შესაბამისად, ბაზრიდან გაწვეული იქნა. რაც შეეხება იმას, ამდენი წელი ვჭამდით და ეს პრობლემა იყოო, ეს ასე ნამდვილად არ არის, შარშანაც შემოწმდა, შარშანწინაც და იმის წინაც, ეს შემოწმება ყოველ წელს ტარდება, არ აღმოჩენილა, ამაზე საუბარი არ ყოფილა, ამიტომ შეგვიძლია, თავისუფლად და ლოგიკურად ვივარაუდოთ, რომ ეს კონკრეტულ პარტიაში შეჰყვა. აფლატოქსინი ნორმაზე უმნიშვნელოდ მეტი იყო, ადამიანს ის ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს, აბსოლუტურად გამორიცხულია. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში , ავსტრალიაში 10-ჯერ მეტია დაშვებული, ვიდრე ევროკავშირში. ევროკავშირს საკმაოდ მკაცრი კანონები აქვს. რა თქმა უნდა, ის ადამიანის ჯანმრთელობაზე სრულად არის ორიენტირებული და ყველა კანონს უკან რაღაც მეცნიერული კვლევა დგას. ასე რომ, რაიმე პანიკის საფუძველი, თუნდაც იოტისოდენა შიში არ უნდა გვქონდეს, მსგავსი რამ არც უნდა დავუშვათ, განსაკუთრებით ქართულ პროდუქციაზე, რომელიც ნამდვილად შეიძლება, ითქვას, რომ უვნებელია. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში იმ მწარმოებლებისგან მიღებულ პროდუქციას, რომელთაც ძირითადი წარმოებები ჰქვიათ, სახელებს აღარ ჩამოვთვლი. როდესაც ექსკრემენტებზე და შემდეგ ანტიბიოტიკებზე იყო საუბარი, იქვე გაცხადდა, რომ ორმა, თუ სამმა კომპანიამ იმ პერიოდში რძე არ ჩაიბარა, რადგან მასში ანტიბიოტიკები აღმოჩნდა. ასე რომ, შიდა კონტროლიც არის. მე ყურადღებას უფრო მეტად გავამახვილებდი არაკონტროლირებად რძესა და რძისგან ნაწარმოებ პროდუქტებზე, ვიდრე ჩვენი მწარმოებლებისაგან შექმნილ პროდუქციაზე. უდიდესი პრობლემები პირველად წარმოებაში , საოჯახო მეურნეობებშია. ყველაზე მეტად სწორედ ამას უნდა მიეხედოს. საქართველოში უფრო მეტი ფერმა, ანუ საოჯახო მეურნეობა არსებობს, ვიდრე გერმანიაში და საფრანგეთში ერთად აღებული. ურთულესი სიტუაციაა ამ მხრივ, გინდათ, ვეტერინარული კუთხით საკონტროლოდ, გინდათ, ფერმების საკონტროლოდ. ამას, პრაქტიკულად, ვერავინ მოერევა, თუ ფერმერული ცოდნა საოჯახო მეურნეობის წინამძღოლს არ ექნა. სამწუხაროდ, უდიდესი პრობლემები სწორედ იქ არის. მე უფრო გირჩევდით, რომ განსაკუთრებით ბავშვებს , სწორედ ამ კომპანიების წარმოებული პროდუქტები აჭამოთ, ვიდრე სხვა პროდუქტები. მერწმუნეთ, ის გაცილებით უფრო სანდოა” – განაცხადა სოხაძემ.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა რძეში აფლატოქსინის თემასთან დაკავშირებული დეტალები კიდევ ერთხელ 11 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა.
“პირველი და მნიშვნელოვანი – კომპანია „სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტის და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლა კომპანიამ. დღეს შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა ის პარტია, სადაც დარღვევა იყო, სააგენტოს ზედამხედველობით, სრულად არის ამოღებული ქსელიდან.
სააგენტოს მისამართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ – არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი. სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები”
– განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ დარღვევა გამოვლინდა იმპორტირებულ რძეში, შესაბამისად, საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება.