2027 წლის 1-ელი თებერვლიდან პლასტმასის ჭურჭელში განთავსებული საკვები პროდუქციის, მათ შორის სასმელების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილება აუცილებელია, რათა, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის, მეორე მხრივ კი ადამიანის ჯანმრთელობაზე მიკროპლასტიკის გავლენა შემცირდეს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.
როგორც ლევან ვეფხვაძე განმარტავს, აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით შედგა არაერთი შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები, იყო დისკუსიის რეჟიმი და ასე შემდეგ. ვადები კი, რაც პროექტში ჩაიდო, სწორედ ამ დისკუსიის შედეგია, თორემ ყველაფრის აკრძალვა უკვე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, ბიზნესს პროდუქციის ამოყიდვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა, საუბარია თეფშებზე, ჭიქებზე, დანა-ჩანგლებზე და ასე შემდეგ.
„არის საკითხი, რომელიც უკავშირდება გაფართოებულ პოლისტიროლს, ქაფის მსგავს ჭურჭელს. შეთანხმებულები ვართ, რომ ამაზე პრობლემა არ აქვს ბიზნესს, რადგან დადგენილია, რომ ეს ნივთიერება შეიძლება შეიცავს მაღალ რისკებს, განსაკუთრებით ცხელ პროდუქტებთან შეხებისად და ამ საკითხზე არავინ კამათობს.
პირველ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული ის პლასტმასა, რომელიც წინასწარ დამზადებული პროდუქტის შეფუთავს ეხება, მაგალითად, მაწონი, არაჟანი და ასე შემდეგ, პირველ ეტაპზე რეგულაციიდან ამოვარდა. ეს ბევრი კომპანიისთვის პრობლემა იქნება, მიუღწეველიც კი, რადგან საუბარია იმაზე, რომ წარმოების ხაზები უნდა შეიცვალოს, მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს. მეშინია, წარმოვიდგინო, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ფასებზე აისახოს. მეორე საკითხია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროდუქტების იმპორტი და ღრმად ვარ დარწმუნებული, უცხოეთში არავინ შეცვლის წარმოების ხაზს, რომ სპეციალურად ჩვენთვის დაიწყონ წარმოება“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე თქმით, რეალურად, ცალსახა აკრძალვა არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა არის სხვა მექანიზმები. მაგალითად, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა, როცა იქმნება ორგანიზაციები, რომლებსაც ბუნებიდან პლასტმასის ნივთების ამოღების ვალდებულება აქვთ. დაფინანსების წყარო აქ სწორედ იმპორტიორი და მწარმოებელია, რომლებიც ყოველ წარმოებულ პროდუქტზე კონკრეტულ თანხას, საწევროს ტიპის გადასახადს იხდიან. ვეფხვაძის თქმით, ეს მოდელი ჩვენთან უკვე მოქმედებს, თუმცა ეხება ტექნიკურ ზეთს, საბურავებს, ელექტროსაქონელს და ასე შემდეგ.
მაწვნისა და არაჟნის მსგავსად, პრობლემებს ხედავს ლევან ვეფხვაძე პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ წყალთან დაკავშირებით.
„ერთი, რომ ეს ლოგისტიკურ პრობლემებს შექმნის. გარდა ამისა, წარმოების ნაწილშიც მოუწევთ გადაწყობა, რადგან პლასტიკის ჭურჭელში ჩამოსხმა თუ არ იქნება, გაფართოება მოუწევთ. მინის გაფართოება ნიშნავს, რომ მოგვიწევს აგრესიულად იმპორტის ზრდა მინის ჭურჭლის, რადგან ჩვენი შიდა წარმოება ამას არ და ვერ ჰყოფნის. აქაც დამატებითი კონსულტაციები იქნება საჭირო. ცალსახა აკრძალვა არც ერთ ევროპულ დირექტივაში არ იგულისხმება. ბუნებრივია, ეს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, სად რა პროცესი წარიმართება. ერთ-ერთი გამოსავალი ევროპაში აქვთ ის, რომ პლასტმასის ბოთლზე მიმაგრებულია თავსახური, რადგან თავსახური ცალკე დაბინძურების წყაროა. არის ესეც გამოსავალი“, - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.
commersant.ge












