სერვისის რეგიონული ჰაბი, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზეა განთავსებული, სატვირთო მანქანებს, ავტობუსებსა და კომერციულ ტრანსპორტს ერთ სივრცეში სრულ მომსახურებას უწევს. „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი დაახლოებით ერთი წლის წინ ამოქმედდა და თვის ჭრილში 1500-მდე ავტოტრანსპორტს ემსახურება. უახლოეს მომავალში ამ ციფრის 2500-მდე გაზრდაა დაგეგმილი. სერვისცენტრისათვის განკუთვნილი ოთხი ჰექტარი ტერიტორია სხვადასხვა დანიშნულების ოთხ ბლოკს მოიცავს. სივრცეებს ერთი კონცეფცია აერთიანებს: მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით მოემსახურონ - იქნება ეს სავალი ნაწილის შემოწმება, ძრავა თუ ელექტრობა. ცალკე ბლოკები ეთმობა სამღებრო-სათუნუქე და სამაცივრო სისტემების შეკეთებას.

ზურაბ ალავიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების, სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების მთავარი ოფიცერი:  „გეზის ფილიალი განსაკუთრებულია როგორც თავისი მასშტაბურობით, ისე კონცეფციითა და მიდგომით. პირველები ვართ რეგიონში, ვინც სატვირთო და კომერციულ ავტოტრანსპორტს ორგანიზებულ და კომფორტულ გარემოში სერვისის სრული სპექტრი შესთავაზა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერვისცენტრი მულტიბრენდულია და მზადაა სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკის მისაღებად. ფილიალის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. ცენტრი განთავსებულია ინდუსტრიულ ზონაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, რომელიც დატვირთულია სატვირთო ნაკადებით თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა თუ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებზე. შედეგად, ეს ტრანზიტული ნაკადი სწორედ ჩვენს ფილიალში იყრის თავს და იქმნება სერვისის რეგიონული ჰაბი, რომლის მართვის დიდი გამოცდილება და შესაძლებლობაც გვაქვს“.  

გეზის ფილიალის ინფრასტრუქტურა და გამორჩეული სერვისები

მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ A კატეგორია აქვს მინიჭებული და თანამედროვე დანადგარებითა და ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი.

ფილიალი, რომლის ფართობი 42 000 მ2-ია, რამდენიმე სივრცედ იყოფა.

MAN-ის შოურუმი და მულტიბრენდული სერვისი

A ბლოკში განთავსებულია MAN-ის ოფიციალური შოურუმი და მულტიბრენდული საავტომობილო სერვისი, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს:

  • სამუხრუჭე სისტემის, გამონაბოლქვისა და მაშუქების დიაგნოსტირება
  • სავალი ნაწილის შემოწმება და შეკეთება
  • ძრავის დიაგნოსტიკა და სერვისი
  • ელექტროსისტემების აღდგენა

ეს სივრცე განკუთვნილია როგორც მსუბუქი კომერციული, ისე მძიმე სატვირთო ტრანსპორტისთვის.

B ბლოკი – დიზელის საწვავი სისტემა, ძალური გადაცემის აგრეგატები, სამაცივრო აგრეგატები, ვულკანიზაციისა და სამღებრო-სათუნუქე სერვისები

ამ სივრცეშია განთავსებული სამღებრო-სათუნუქე უბანი, რომლის ანალოგიც რეგიონის არცერთ ქვეყანას არ აქვს. 22-მეტრიან სამღებროში ყველაზე დიდი გაბარიტების ავტომანქანის შეღებვა ერთიანად არის შესაძლებელი.

ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ავტომობილის ჩარჩო და ძალური კონსტრუქცია ქარხნული პარამეტრების შესაბამისად აღადგინოს, ფრანგული წამყვანი ბრენდის CELETTE-ს  უახლესი, ე.წ. რობოტის კომპლექტის საშუალებით.

საერთო ჯამში, ფილიალს ამჟამად 31 სამუშაო სივრცე აქვს, რომლებიც სრულადაა ამოქმედებული.

იგეგმება კიდევ ხუთი წერტილის დამატება, სადაც „თეგეტას“ გამოცდილი სპეციალისტები მიკროავტობუსებს მოემსახურებიან. მომხმარებელი ამ შემთხვევაშიც სრულ სერვისს მიიღებს, იქნება ეს სავალი ნაწილი, საბურავები, ძრავა თუ ელექტრობა.

ფილიალის გახსნის დღიდან მოქმედებს მობილური სერვისის ორი მიკროავტობუსიც, რომლებიც საჭიროებისამებრ მომხმარებელს შემთხვევის ადგილზე უწევენ დახმარებას.

სამაცივრო სისტემების სერვისი - Thermo King

უკვე ექსპლოატაციაშია სამაცივრო სისტემების სერვისი. „თეგეტა მოტორსი“, რომელიც ამერიკული ბრენდის Thermo King-ის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია საქართველოში, მომხმარებელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. სერვისში უახლესი სპეცინსტრუმენტები და სადიაგნოსტიკო მოწყობილობებია განთავსებული, ხოლო სამუშაოებს გადამზადებული და გამოცდილი მექანიკოსები ასრულებენ. მომსახურება მოიცავს როგორც სამაცივრო სისტემების მონტაჟსა და პროფილაქტიკას, ისე სრულ ტექნიკურ შემოწმებასა და შეკეთებას, რაც, საბოლოოდ, სისტემის ხანგრძლივ და გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

ყველა სამუშაო სივრცე, უახლეს დანადგარებთან ერთად, თანამედროვე იტალიური წარმოების ამწეებითა და გერმანული ბრენდის სერვისის ორმოებით არის აღჭურვილი, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგიაზე ზრუნვა.

გარემოსდაცვითი კომპონენტი გათვალისწინებულია ასევე აგრეგატების სარეცხი უბნის ნაწილშიც. დაინერგა სერვისი, რომელიც სახიფათო ნარჩენებისგან დასვრილი აგრეგატების რეცხვას გულისხმობს. საავტომობილო ნაწილები სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარი დამონტაჟდა ავტომანქანების სამრეცხაო სივრცეშიც. სხვადასხვა რეჟიმის დახმარებით პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს და მხოლოდ ათი წუთი სჭირდება.

მობილური სერვისები და დამატებითი წერტილები

გეზის ფილიალის ბაზაზე მოქმედებენ მობილური ჯგუფებიც, რომლებიც  მომხმარებელს სატვირთოების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის საჭირო  დახმარებას ნებისმიერ ადგილზე აღმოუჩენენ.

სერვისცენტრში დანერგილი ბიზნესპროცესები სრულად მომხმარებელზეა მორგებული. სატრანსპორტო საშუალების მფლობელს სერვისის მრჩეველი ემსახურება, რომელიც ყველა საჭირო საკითხზეა პასუხისმგებელი - განაცხადის გახსნიდან დაწყებული, ანგარიშსწორებით დასრულებული. კიდევ უფრო მეტი კომფორტისათვის სერვისის მისაღებად ფილიალში წინასწარ ჩაწერაც შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო ზარის მეშვეობით. გეზის ფილიალის ტერიტორიაზე მოქმედებს „თეგეტა ლაუნჯის“ სივრცეც, რომელიც სტუმრების მისაღებად უკვე მზად არის.

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ფილიალი დილის 09:30-დან 18:30-მდე მუშაობს. 00:00 სთ-მდეა შესაძლებელი სწრაფი სერვისების მიღება. ცენტრი ღიაა კვირა დღესაც, თუმცა შედარებით მოკლე სამუშაო დღითა და მხოლოდ ვულკანიზაციით. კვირა დღეს მომხმარებელს  09:30 სთ-დან 16:00 სთ-მდე მოემსახურებიან.