ნიკო ნიკოლაძე და ჩვენებური უმადურობა
ყველაფრის ჩამოთვლა, რაც ნიკო ნიკოლაძეს გაუკეთებია − როგორც მწერალს, მრეწველსა და სახელმწიფო მოღვაწეს, შეუძლებელია. მოკლე აღწერასაც კი რამდენიმე ტომი არ ეყოფა. არჩილ ჯორჯაძემ მას „ულმობელი საქმის კაცი″ უწოდა. გაივლის კიდევ ერთი საუკუნე და მის შვილთაშვილსაც ვერ ჩავუთვლით მიკერძოებად − „ნიკო ნიკოლაძე ახალი საქართველოს მაშენებელია!″ (სალომე ზურაბიშვილი). ეს ჭეშმარიტად დიდი საქმეების კაცი დაუმსახურებელი საყვედურისა და ცილისწამების ობიექტიც არაერთხელ გამხდარა. ამაზე მოგვიანებით... მანამდე ცოტა რამ გავიხსენოთ მისი მოღვაწეობიდან. ტყიბულის ქვანახშირის მოპოვება ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. როცა აგიაშვილ-კანდელაკებმა გადამთიელ ნიკოლოზ ნოვოსელსკის ჩალის ფასად მიჰყიდეს ის ადგილი, სადაც ქვანახშირი მოიპოვებოდა, ნიკო ნიკოლაძე დიდად შეშფოთდა − „ჩვენი უმჯობესი სიმდიდრე ჩვენი ხელიდან გადის″-ო. მერე თავად გამოისყიდა აგიაშვილებისა და კანდელაკების წილი. დიდი წვალების გადატანა და ათასგვარი ბიზნეს გეგმის შედგენა დასჭირდა, დაემტკიცებინა − ქვანახშირის გამოსაზიდად ტყიბულამდე რკინიგზის მიყვანის საჭიროება. ეს საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. 1889 წელს ს/ს საზოგადოება „ნახშირი″ დააარსა და ტყიბულის შახტებიც მთელი დატვირთვით ამუშავდა. თბილისი-ფოთის რკინიგზამ ქუთაისს გვერდი აუარა, ქალაქი ჩიხში მოექცა, დასავლეთ საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო ცენტრმა დაქვეითება იწყო. ნიკო ნიკოლაძემ განგაში ატეხა და ქუთაისი შვიდვერსნახევრიანი ლიანდაგით ცენტრალურ მაგისტრალს დაუკავშირეს. ამ საქმეში ნიკოს ლომის წილი ედო. ტყიბულზე ზრუნვის პარალელურად, თითქმის 10 წელიწადს, კავკასიის სამთო სამმართველოს უფროსს, მელერს ებრძოდა ჭიათურის მარგანეცის საბადოების ამუშავებისათვის. აქაც გაიმარჯვა. ჭიათურიდან ფოთში შავი ქვის ურმებით ზიდვას დიდი სარგებელი არ მოჰქონდა. მთავრობას შორაპნიდან ჭიათურამდე რკინიგზის გაყვანის აუცილებლობას უმტკიცებდა. გადამთიელი მელერი ამ საქმეშიც შეეწინააღმდეგა − რკინიგზა მთავრობას ძვირი დაუჯდება, თემშარა გავიყვანოთო. ამას რა აზრი ჰქონდა. თემშარაზეც ისევ ურმებს უნდა ეჩოჩიალათ. ნიკოლაძემ მაინც თავისი გაიტანა. 1895 წელს ჭიათურა-შორაპნის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა გაიხსნა. ნიკო ნიკოლაძეს კი მაინც საყვედური ერგო. სხვებზე რა ვთქვათ, როცა ისეთმა გამოჩენილმა მოღვაწემ და პატრიოტმა, როგორიც გიორგი მაიაშვილი (ზდანევიჩი) იყო, საჯაროდ უკიჟინა − თუ რკინიგზა გაგყავდა, ბარემ ფართოლიანდაგიანი გაგეყვანაო, ეს უმადურობა იმასთან არაფერია, რაც მაშინ მოხდა, როცა ნიკო ნიკოლაძემ ფოთი გადაბუგვა-განადგურებას გადაარჩინა. ფოთის ქალაქის თავად 1894 წელს აირჩიეს. ჭაობიანი დასახლება ნიკოლაძემ საპორტო ქალაქად გადააქცია. ფოთის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ 1871 წელს წერდა: „ფოთს დიდი როლი და კარგი სვე მოელის მომავალში. რკინის გზა ჩქარა შეაერთებს მას თბილისთან, მერე კასპიის ზღვასთან, შემდგომ როდისმე შუა აზიასთან, სპარსეთთან და შესაძლებელია, ინდოეთთანაც″. ეს ხომ, ფაქტობრივად, იმ „აბრეშუმის გზის″ პროექტია, რომლის განხორციელებასაც ჩვენ 150 წლის მერე ვცდილობთ. 1906 წელს ფოთის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა. ალიხანოვ-ავარსკიმ, რომელსაც მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა „სომეხი ხალხის ღირსეული შვილი″ უწოდა, მთელი დასავლეთ საქართველო გადაწვა და გადაბუგა, როცა ფოთის ასაოხრებლად დაიძრა, მალთაყვის გზაზე ნიკო ნიკოლაძე გადაუდგა და შეაჩერა: ფოთი ერთი კვირის წინ უცხოეთში დავაზღვიე და თუ დააქცევთ, მთელი ზარალის ანაზღაურება პირადად ხელმწიფე-იმპერატორს მოუწევსო. ალიხანოვ-ავარსკი დაფრთხა − მეფე არ დავაზარალოო და უკან გაბრუნდა. ფოთი განადგურებას გადაურჩა, მხოლოდ ნიკო ნიკოლაძე ვერ გადაურჩა მოღალატისა და მთავრობასთან „შეკრულის″ იარლიყს. ასე შეამკეს ფოთელებმა თავიანთი მხსნელი და გადამრჩენი. თითქოს საბუთიც ჰქონდათ − თუ ასე ადვილად შეგეძლო ალიხანოვის შეჩერება, მაშინ რატომ არ შეაჩერე, როცა გურია გადაწვაო. მოგვიანებით, 1914 წელს, როცა ნიკო ნიკოლაძე მის მიერ აშენებული და დამშვენებული საპორტო ქალაქის მერობიდან ცრუბრალდებით გადააყენეს, კიდევ ერთხელ გაუხსენეს − თუ კარგი კაცი იყავი და მთავრობას არ ემსახურებოდი, ფოთი დანგრევა-განადგურებისაგან როგორ იხსენიო. რა ექნა ნიკოს, აზრი აღარ ჰქონდა იმის საჯაროდ მტკიცებას, რუსის მეფის ერთგულსა და ქართველთმოძულე ალიხანოვს ჭკუით ვაჯობე და გავაცუცურაკეო. უმადურობისა და უსამართლობის ეს გასაოცარი ფაქტი, რომელიც აღწერილია აკაკი ბაქრაძის პუბლიკაციაში „ნიკო ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი″ ნიკოს ბადიშის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ატეხილმა ასეთივე აჟიოტაჟმა გამახსენა. ამგვარი წრეგადასული ლანძღვა-გინებისა და ინსინუაციების ახსნას და პასუხს ისევ ნიკო ნიკოლაძესთან ვპოულობთ: „ყოველთვის, როცა მწერალს (ჩვენს შემთხვევაში პარტიას, მედიას − ა.გ.) არაფერი აქვს სათქმელი, როცა ვერაფრით უარყოფს მოწინააღმდეგის მოსაზრებებს, როცა არ სურს სცნოს საკუთარი სისუსტე, ეტანება ინსინუაციებს, ძირს უთხრის მოწინააღმდეგის ზნეობრივ სიწმინდეს, მიმართავს ცილისწამებას და ლანძღვა-გინებას″.
ამირან გომართელი
მეცნიერი და ლიტერატორი