დედაქალაქის მერია იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟს იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.

„იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-დან 05:00 საათამდე. ამაღამ გზა გადაიკეტება გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით”, - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტში გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის სახლთან ხიდს მოხსნიდნენ. ამის შესახებ მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. როგორც მაშინ კალაძე აცხადებდა, ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში იყო და მისი აღდგენა დიდ ფინანსურ რესურს საჭიროებდა. შესაბამისად, მისი აღდგენა არ განიხილებოდა და მოხდებოდა ხიდის დემონტაჟი.