Home » ფინანსები » თავისუფალ ცურვაში მიშვებული ლარი იხრჩობა
თავისუფალ ცურვაში მიშვებული ლარი იხრჩობა

თავისუფალ ცურვაში მიშვებული ლარი იხრჩობა

ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსის ვარდნის საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6370 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0608 ლარია. აღნიშნული საკითხი რა თქმა უნდა, ვნებათა ღელვის საგანია იმდენად, რამდენადაც მოსახლეობას კურსით გამოწვეული ზარალი საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს. თუმცა, იმედის მომცემი განცხადებების გარდა კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების არცერთი შტოსგან არ ჩანს. უფრო მეტიც, აღნიშნული განცხადებებიც საკმაოდ “ძვირი” გახდა და მოსახლეობის დამშვიდებას მთავრობაში სავალდებულოდ არც მიიჩნევენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამტკიცებს, რომ მომავალში ლარის კურსის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს. ასეთი დანაპირები ბოლო დღეებში ხელისუფლების ბევრმა წევრმა გასცა, მაგრამ ეროვნულ ვალუტას ჯერ არაფერი ეშველა.

“ლარის კურსის გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით. ვალუტის შემოდინება დამოკიდებულია ექსპორტზე, ფულად გზავნილებზე, ტურიზმზე, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით. არც საგარეო ფაქტორები და არც ფუნდამენტური ეკონომიური ფაქტორები არ იწვევს ლარის კურსზე გავლენას. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის გათანაბრებული და შესაბამისად, არანაირი გავლენა არ აქვს ლარის კურსზე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის მოლოდინის გამო, რაც მოკლევადიან პერიოდში ხშირად იწვევს კურსის მცირე მერყეობებს… მომავალში ლარის კურსის გაუფასურების არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დეველოპერული კომპანია “რედიქს ჯგუფის” გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ თუ ფუნდამენტური ეკონომიკური მაჩვენებელი იმის საბაბს არ იძლევა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობა იყოს, მაშინ ეს პროცესი დროებითია.

“ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით, ამ საკითხში მეტად ჩავერეოდი. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო ამ კონკრეტულ შემთვევაში მეტი ჩართულობა მექნებოდა. თუ შოკია, მაშინ ეს უნდა მოიხსნას. ვალუტის ცვლილება ყველა ქართველის ჯიბეზე ცუდად აისახება.

ხოლო თუ ფუნდამენტური ეკონომიკური მაჩვენებელი იმის საბაბს არ იძლევა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობა იყოს, მაშინ ეს დროებითია და ამას არ დავუშვებდი.

შარშან გაუმართლათ იმაში, რომ ლარის გამყარდა. სწორედ ამ მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უმჯობესია ეს შოკი მოხსნან. ბიზნესისთვის ეს პრობლემას წარმოადგენს”, – განმარტა ლაშა პაპაშვილმა.

ლარის კურსთან დაკავშირებით, მეტნაკლებად პოზიტიური მოლოდინები აქვს ეკონომიკის ექსპერტ, მიხეილ დუნდუას. ეკონომისტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნზზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ლარის კურსი 2.40-იან ნიშნულზე უნდა ჩამოვიდეს.

“სხვაგვარად წლიური საშულო კურსი ვერ იქნება 2.45. შარშან, სავალუტო ფონდის მსგავსი პროგნოზი თითქმის დაემთხვევა რეალურ მაჩვენებლს. იმის გამო, რომ სავალუტო ფონდი ფლობს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით და არ გამოქვეყნებულა საჯაროდ, იგულისხმება შიდა ინფორმაცია, უნდა ველოდოთ რომ კურსი დასტაბილურდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ ლარის გაუფასურების ეკონომიკური ფაქტორების არ არსებობს”, – აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.

ლევან ლაგვილავა

Share