Home » ფინანსები » “ინფორმაციული ვაკუუმი ხელს უწყობს სავალუტო ბაზარზე მცდარი მოლოდინების დანერგვას”
"ინფორმაციული ვაკუუმი ხელს უწყობს სავალუტო ბაზარზე მცდარი მოლოდინების დანერგვას"

“ინფორმაციული ვაკუუმი ხელს უწყობს სავალუტო ბაზარზე მცდარი მოლოდინების დანერგვას”

აფბა ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ რყევებს ეხმაურება და იმ მიზეზებს განმარტავს, რასაც შესაძლოა დროის მოკლე მონაკვეთში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება გამოეწვია. ამის შესახებ „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა, საინფორმაციო სააგენტო „კვირას“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„ბუნებრივია ჩვენ ვაკვირდებით ეროვნული ვალუტის გარშემო მიმდინარე პროცესებს და ვცდილობთ მაქსიმალურად სწორი და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რამდენადაც, როგორც ბოლო პერიოდმაც გვაჩვენა, მცდარი მოლოდინების დანერგვას დიდი გავლენის მოხდენა შუძლია კურსზე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში ვფუნქციონირებთ, რაც იმას გულისხმობს, რომ მცირედი და პერიოდული რყევები ეროვნული ვალუტისთვის დამახასიათებელია, ამაში კი საგანგაშო არაფერია, თუმცა, ბოლო 3 კვირის მანძილზე ლარი თითქმის 17 პუნქტით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.65 ლარს მიაღწია, რაც ცხადია არ შეიძლება ჩაითვალოს სავალუტო ბაზარზე მიმდინარე ჯანსაღ პროცესად, ვინაიდან, თუ ფუნდამენტურ და საგარეო ფაქტორებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ლარის სტაბილლურობაზე ახენს გავლენას, სტაბილურ ზრდას ინარჩუნებს, შესაბამისად ეროვნული ვალუტის მოკლევადიან გაუფასურებას ფუნდამენტურ ფაქტორებს ვერ მივაწერთ. ასეთ შემთხვევაში რჩება მხოლოდ საშინაო და ფსიქოლოგიური მომენტები რითაც შეიძლება აიხსნას ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება. თუ ქრონოლოგიურად გავყვევბით ეროვნული ვალუტის ქცევას დავინახავთ, რომ ლარმა გაუფასურება ოქტომბრის თვიდან დაიწყო, ანუ მაშინ როდესაც მთავრობამ გაასაჯაროვა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი. შემდეგი წლის ბიუჯეტში კი ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ჩადებულია 2.50- ზე. ეს გარკვეულწილად აღმოჩნდა სიგნალი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, რომ მათ ეროვნული ვალუტა დაეკონვერტირებინათ უცხოურ ვალუტაში იმდენად, რამდენადაც თუ თავად მთავრობა შემდეგ წელს ლარს 2.5 ნიშნულთან მოიაზრებს, ცხადია უფრო ნეგატიური მოლოდინი შეექმნა კერძო სექტორს. აღნიშნულ პროცესებს მალევე მოყვა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, რა დროსაც ცხადია მიმოქცევაში გავიდა ლარის მასა, რომელიც დამატებით ტვირთად დააწვა კურსს. აღსანიშნავია ასევე, სხვადასხვა წრეებისა და ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც არასწორი და მცდარი მოლოდინების შექმნით, ზრდიდნენ პანიკურ ფონს საზოგადოებაში ეს კი კიდევ უფრო ზრდიდა ზეწოლას კურსზე.

აღნიშნულ პროცესებს მუდმივად თან სდევს, ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც არსებობს ეკონომიკურ გუნდს, ცენტრალურ ბანკსა და საზოგადოებას შორის, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს სავალუტო ბაზარზე მცდარი მოლოდინების დანერგვას. სწორედ აღნიშნული პროცესების ერთობლიობამ გამოიწვია კურსის მყისიერი გაუფასურება დროის მოკლე პერიოდში, ფუნდამენტური ფაქტორების არარსებობის გათვალისწინებით.

შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მონეტარულმა და ფისკალურმა ხელისუფლებამ სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები ეროვნული ვალუტის კურსის დაჭერასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ დოლარიცაციის მაღალი კოეფიციენტი საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ ქმნის პრობლემებს და ეს პირველ რიგში მოსახლეობის და ბიზნეს სუბიექტების იმ კატეგორიას აზარალებს, ვისაც დოლარში აქვს ვალდებულებები, მთავრობამ ან უფრო მეტი მასტიმულირებელი მექანიზმები უნდა აამოქმედოს ლარიზაციის მიმართულებით, რათა კურსის ცვლილებასთან მიმართებაში ნაკლებად მოწყვლადი გახდეს ჩვენი ეკონომიკა, ან ეროვნულმა ბანკმა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, არ მისცეს ლარის კურსს გაუფასურების მეტი შესაძლებლობა“ – განაცხადა ბაირახტარმა.

Share