Home » ეკონომიკა » ,,სავალდებულო დაზღვევების არსებობა სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“
,,სავალდებულო დაზღვევების არსებობა სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“

,,სავალდებულო დაზღვევების არსებობა სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“

,,საქართველოში სადაზღვევო კულტურა საკმაოდ დაბალია“

დაზღვევის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად სადაზღვევო სამსახურის დაფინანსება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების შედეგად ათასობით ადამიანი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაზღვევის გარეშე დარჩა –  ამ საკითხების მნიშვნელობასთან დაკავშირებით სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი  გიორგი გიგოლაშვილი გვესაუბრა.

– დაზღვევის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს და ეს განისაზღვრება მოზიდული სადაზღვევო პრემიის ერთ-ერთი პროცენტის ოდენობით. თქვენი შეფასებით რამდენად ადეკვატურია აღნიშნული გადაწყვეტილება და რა ეკონომიკური საფუძველი აქვს მას?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემია წინა წელს იყო 378 მილიონი ლარი და ამის 1 პროცენტი არის 4 მილიონ ლარამდე, ახალი დათვლით სწორედ ეს იქნება სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება. კანონი ჯერ არ არის მიღებული და არსებობს შანსი, რომ რაღაც შეიცვალოს. დღემდე სახელმწიფო ამ სამსახურს, დაახლოებით, მილიონ ოთხასი ათასი ლარით აფინანსებდა და თუ გავა ახალი კანონი და დამტკიცდება ცვლილებები, ბიუჯეტს მოუწევს ეს თანხა სხვა საკითხებს მოახმაროს.
ზედამხედველმა, გარდა იმისა, რომ ფინანსური მდგრადობას და გადახდის უნარიანობას უნდა მიაქციოს ყურადღება, კანონმდებლობამ და მისმა კონტროლმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ მას მოტივაცია უნდა ჰქონდეს იმისი, რომ განავითაროს სადაზღვევო ბაზარი. ამის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი არის სადაზღვევო განათლება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი კი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაა. სპეციალურმა სამსახურებმა უნდა დაამუშაონ სავალდებულო დაზღვევის მიმართულებები, ვინაიდან ქვეყნის კეთილდღეობა სწორედ ამით იზომება. თუკი ზედამხედველობის სამსახური ლობირებას გაუწევს სავალდებულო დაზღვევის თემებს, ეს ყველაფერი დიდად წაადგება სადაზღვევო კომპანიებს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პირველი წელი საკმაოდ რთულია ძირითადი გათვლების გასაკეთებლად, თუმცა სახელმწიფომ შეცდომები არ უნდა დაუშვას და მაქსიმალურად უნდა დაუდგეს გვერდში როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს, ასევე, თავად სადაზღვევო კომპანიებს.

– თქვენც ახსენეთ და ისედაც, ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტუალურდა სავალდებულო დაზღვევის საკითხი. ამ ეტაპზე, როგორ ცნობილია, იგეგმება სავალდებულო დაზღვევის კომპონენტის ამოქმედება ქონების დაზღვევის მიმართულებით და მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის საკითხშიც. რა შეფასებას გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში პირველი მოსმენით არის ცვლილებები შესული და აქ სწორედ იმაზეა საუბარი, რომ მთავრობას უფლება უნდა მიეცეს დაიწყოს მსგავსი ტიპის დაზღვევების სავალდებულოდ ქცევაზე ფიქრი. ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, პირველ რიგში სწორედ ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები, მათი მფლობელები იქნებიან დაზღვეულნი თუკი ამოქმედდება ამ მიმართულებით სავალდებულო დაზღვევა.

ზოგადად სადაზღვევო კულტურა ჩვენთან საკმაოდ დაბალია და იგი ფაქტობრივად არ არის განვითარებული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პირველი ხანძარი სადაც მოხდა, იქ არც ერთი მოვაჭრე არ იყო დაზღვეული. ხოლო მეორე შემთხვევაში 30 დაზარალებულიდან 17 ჰქონდა პოლისი, რამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. როდესაც სავალდებულო დაზღვევაზე ვლაპარაკობთ, საუბარია არა იქ მყოფის ქონების დაზღვევაზე, არამედ იმაზე რომ ობიექტის მფლობელის ნაცვლად აანაზღაურებს ზარალს სადაზღვევო კომპანია.

ლევან ლაგვილავა

Share