ეს ჩვენი პრეზიდენტი ბოლო დროს აქტიურად არღვევს კონსტიტუციას, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის საგარეო განცხადებები აუცილებლად უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან და მას არ აქვს თვითშემოქმედების უფლება. მეორე მხრივ კი, საპრეზიდენტო სკამმა გადაასხვაფერა (არ მინდა, ვთქვა, გააგიჟა-მეთქი) ბოლო სამი პრეზიდენტი, თუმცა, თუ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში სუპერსაპრეზიდენტო მოდელი გვქონდა (რაც მხოლოდ აშშ-ში ამართლებს, სხვაგან ზედმეტი ძალაუფლება ადამიანებს თავს აკარგვინებს), გიორგი მარგველშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შემთხვევებში პრეზიდენტის პოსტი სიმბოლურია, ის ხელისუფლების შტოებს მიღმა დგას და არ აქვს ძალაუფლება.

ბოლო ორი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილის შერჩეულია და ფაქტია, რომ არც ერთმა არ გაუმართლა. ვერ გათვალა თუ გათვლაც ის იყო, რომ არ გაემართლებინათ? ამ თემაზე ვაჟა ბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– რატომ უგულებელყოფს საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციას? არადა, თუ ვინმემ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას და აჩვენოს მაგალითი, ეს სწორედ პრეზიდენტია; არ იცის თავისი ფუნქციები ქ-ნმა სალომემ?

– უამრავი ფაქტორი განაპირობებს შექმნილ ვითარებას: ბოლო პერიოდის ქართული პოლიტიკის თავისებურებები, მდგომარეობა ქვეყნის შიგნით და მსოფლიო ძვრები, რომლებიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, რის გამოხატულებაცაა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასა და რუსეთს შორის. მსგავსი ძალთა ბალანსი ხელისუფლების ეშელონებში არ ყოფილა და ეს ძალიან სახიფათოა ბევრი თვალსაზრისით. ხელისუფლების შტოები უნდა იყოს დაბალანსებული, უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციის ფარგლებში და ჰქონდეთ გამაწონასწორებელი და შემაკავებელი ფუნქცია. ამ ფუნქციას პრეზიდენტი ვერ ასრულებს იმის გამო, რომ გამოსულია კონსტიტუციის ფარგლებიდან და ცდილობს, დადგეს სხვა სახელისუფლო შტოებზე მაღლა. შესაბამისად, გამოდის კონსტიტუციური მოცემულობიდანაც კი, როდესაც, ვთქვათ, მისი თვალსაზრისები არ არის შეთანხმებული აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელთან, ლიდერთან, საკონსტიტუციო მოცემულობით, პრემიერ-მინისტრთან და საერთაშორისო არენაზე გარკვეულწილად უპირისპირდება ხელისუფლების აღმასრულებელ შტოსა და ქვეყნის ლიდერს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და მისასალმებელი და არ მგონია, არ იცოდეს საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა ქალბატონმა, მაგრამ მის ქცევას განაპირობებს ჩვენს ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ შექმნილი ვითარება. თუ, მაგალითად, 2 წლის წინ და შევარდნაძის დროსაც კი ჩვენთან მიმდინარე მოვლენები ფასდებოდა დასავლური დემოკრატიის პრიზმაში და იმხანად ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლიდერები, ასევე, ცდილობდნენ, რომ დასავლური დემოკრატიის პრინციპებით ემოქმედათ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, დღეს არსებითადაა შეცვლილი როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა. ავტორიტარული რეჟიმია რუსეთში; საკმაოდ სპეციფიკური დემოკრატია ჩამოყალიბდა თურქეთში, რომელიც 1999 წლიდანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ანუ ის სტატუსი აქვს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და პანაცეად მიგვაჩნია. ასევე, საკმაოდ რთული პრობლემების წინაშე დგას სომხური დემოკრატია; აზერბაიჯანული დემოკრატია, რომელსაც ბევრი თავისებურება ახასიათებს, მაგრამ ეს არ არის ჩვენი პარტნიორების კრიტიკის საგანი, რამდენადაც ეიმედებათ აზერბაიჯანის ენერგომატარებლები.

– რომლებმაც ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს, რომ ევროპამდე მიაღწიოს.

– აზერბაიჯანის ლიდერი უაღრესად მოქნილი და გამჭრიახი პიროვნება გახლავთ... არ დაგვავიწყდეს, რომ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ და არის კიდეც გასაკრიტიკებელი პრეზიდენტის მოქმედების ტაქტიკა და სტილი, ფაქტობრივად, ვცხოვრობთ, არაფორმალური მმართველის პირობებში. ქვეყანას მართავს პიროვნება, რომელსაც არ აქვს პირდაპირი ინსტიტუციური ვალდებულებები და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ის წასულია პოლიტიკიდან, ვიქნებით თვალთმაქცები.

– თუმცა პირდაპირი მტკიცებულებები არ გვაქვს, მხოლოდ მოვლენათა დაკვირვების შედეგად ლოგიკურად ჩნდება ეს დასკვნა.

– საჭიროა მოვლენებზე დაკვირვება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, რადგან მტკიცებულება არ გვაქვს, გენერალურ პროკურორს ან უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს ნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი, მხოლოდ თავისი ინიციატივით. თვით ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ ეკადრება ასეთი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ის არის პატრიოტი, მოღვაწე, დადებითი მოვლენა საქართველოს ისტორიაში: იმ მასშტაბის ქველმოქმედება არავის გაუწევია ჩვენს ისტორიაში, რაც მან გასწია და ეწევა და შეიძლება, სამოქალაქო ომსაც კი გადაარჩინა ქვეყანა, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა და შეცვალა ის ხელისუფლება, რომელიც უეჭველად იყო შესაცვლელი. ასე რომ, არც მას ეკადრება და არც ჩვენ, ვთქვათ, რომ ის წასულია პოლიტიკიდან. ეს მოცემულობა კი ბევრ რამეს განაპირობებს. თუმცა სხვა თემაა პრეზიდენტის ტაქტიკა და სტრატეგია იმ ვითარებაში, როდესაც ის ვერასდროს გახდებოდა პრეზიდენტი, მხარი რომ არ დაეჭირა „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს.

– ვერ გათვალა ბიძინა ივანიშვილმა? სალომე ზურაბიშვილი ჩავწერე, როგორც კი საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგა, ირანის თემა იყო მაშინაც აქტუალური და ჩემზე მან სუსტი ანალიტიკოსის შთაბეჭდილება დატოვა. ამან გაამაკვირვა.

– არც არასდროს ჰქონია მას პრეტენზია, რომ აქვს რაღაც ხედვა. ის, უბრალოდ, დასავლურ დემოკრატიაში გაზრდილი ქართველი ემიგრანტია, რომლის სურვილია, საქართველო იყოს დამოუკიდებელი და ევროპული ყაიდის ქვეყანა. ამისთვის ჩამოვიდა და რაც შეეძლო, გააკეთა და აკეთებს, მაგრამ მას მეტის გაკეთება არ შეუძლია. უბრალოდ, როდესაც ხალხი, რომელმაც აგირჩია, არ ეთანხმება შენს თვალსაზრისს, შენ უნდა გამოხატო შენი აზრი, მაგრამ არა იმპერატიული ტონით. და, რადგან შენ უკვე იმას აღარ აკეთებ, რისთვისაც ხალხმა აგირჩია, უნდა შემობრუნდე, გადადგე, ხელმეორედ იყარო კენჭი და, თუ ხალხმა მოგცა მანდატი, უფლება გექნება, თუნდაც, პრეზიდენტის თანამდებობიდან, კატეგორიულად დაუპირისპირდე საპარლამენტო უმრავლესობას, ხალხის უმრავლესობას და აქედან გამომდინარე, გქონდეს პრეტენზია, რომ ხარ მართალი. პრეზიდენტი ამბობს, ჩემი მოვალეობაა, გამოვთქვა ჩვენი თვალსაზრისი და არ გამოვიდე საკონსტიტუციო ფარგლებიდან, მაგრამ გამოდის კონსტიტუციის ფარგლებიდან, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლება და, კერძოდ, უმრავლესობა ანტიდასავლურ პოლიტიკას ეწევა. ოპოზიციონერებს აქვთ უფლება, ასე შეაფასონ სახელისუფლო გუნდის პოლიტიკა, მაგრამ პრეზიდენტმა, რომელიც ამას ამბობს, სულ მცირე, საშინაო დებატები მაინც უნდა გამართოს სამთავრობო გუნდთან, არ აქვს უფლება, რომ ასე ყასიდად და კატეგორიულად ამტკიცებდეს ამას. რადგან არავინ იცის, რით გამოიხატება საზოგადოების პროდასავლურობა.

– ეს, საერთოდ, კითხვათა კითხვაა: ბოლოს და ბოლოს, როგორ გვესმის ეს დასავლური დემოკრატია.

– გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან ხალხი გაძევებულია პოლიტიკიდან, მას მხოლოდ კვერის დამკვრელის ფუნქცია შემორჩა შეთავაზებული სახელისუფლო კანდიდატების, ან პოლიტიკური ძალის, ან პრეზიდენტის არჩევისას. ეს ჩვენი საარჩევნო სისტემა თითქოს დასავლეთიდანაა გადმოღებული, მაგრამ შორსაა დასავლურობისგან, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კი არ ქმნის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, არამედ ის, მიიღებენ თუ არა არჩევნების შედეგებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები: შეერთებული შტატები და ევროკავშირი. არადა, თუ ხალხმა არ გააპროტესტა არჩევნების შედეგები, თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ დაადასტურეს, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რას იტყვის დასავლეთი.

მეორე მხრივ, თუ ქვეყანაში დემოკრატიაზე უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ სად არის ამ ქვეყანაში სოციოლოგია, რომელიც ეფუძნება ობიექტურ კვლევებს?! ქართული და უცხოური კომპანიებიც, რომლებიც ქართულ კომპანიებს ატარებინებენ კვლევებს, შორს არიან ობიექტურობისგან. მათი კვლევის შედეგებს არ იღებს საზოგადოება. ჩვენი თავისუფალი პრესა კი პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცა. ვგულისხმობ ტელეკომპანიებს, პირველი ექვსი წამყვანი ტელევიზია ექვემდებარება ერთ ან მეორე პოლიტიკურ ძალას როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად. ამის პარალელურად კი, არის სოციალური მედია, სადაც უამრავი ბოტი და ტროლი მუშაობს.

– საქართველოში მე ვარ ერთადერთი ჟურნალისტი-ბლოგერი „იუთუბზე“, მონეტიზებული არხით. ტელეფონით ვიწერ და ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი. მე რომ ერთი ვარ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

– ძალიან კარგად აკეთებთ და კარგია, რომ ამას აკეთებთ. ერთი ხართ, იმიტომ რომ არ არის პოპულარული...

– არა, მე მაქვს ვერსია: ჩვენი ჟურნალისტები თავად ვერ არჩევენ თემებს და თუ არ უხდიან, უბრალოდ, არ მუშაობენ ბაზარზე. ვიღაცამ უნდა უთხრას, რაზე ილაპარაკონ და ვიღაცამ უნდა გადაუხადოს ფული. ამდენად, ეს საზოგადოების პრობლემა უფროა.

– საზოგადოების პრობლემაა, მაგრამ ტრანსფორმაციულ პერიოდებში საზოგადოების პრობლემები უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ. მარტო საზოგადოება თვითორგანიზაციით ამას ვერ მიაღწევს, მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აღიქმება უცხოურ აგენტურად და მართლაც აქვს აგენტურული საქმიანობის ნიშნები ჩვენი არასამთავრობოების საქმიანობას, ვგულისხმობ დაფინანსებულ ორგანიზაციებს. არ არსებობს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რამდენიმე დიდ დასავლურ ფინანსურ ფონდზე არ არის დამოკიდებული. ხელისუფლების პრობლემაა, რომ ვერ გამოინახა რესურსი, რომ ადამიანები შეიკრიბონ და ანალიტიკური საქმიანობა აწარმოონ. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ველოდებით ვიღაც მიკლუხო მაკლაის, რომელიც ჩამოვა ჩვენთან და დაგვარიგებს ჭკუას პაპუასებს; ერთი მხარე იტყვის, რომ აგენტურა ეს არის, მეორე მხარე იტყვის, რომ, ვინც ხელისუფლებაშია, ის არის და ეს საცოდავი ქვეყანა ისევ იქნება იმის ფიქრში: ირანი თუ ბიზანტია... ჩვენ ისევ იქ ვართ, იმიტომ რომ საცოდავი ერი ვართ, რომლებზეც ორჯერ გადმოვიდა ზეციური წყალობა, გავხდით დამოუკიდებლები, ოღონდ პირველად სამი წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ახლა, დაახლოებით, 30 წელი გავიდა და კაციშვილმა არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან ახლა ელემენტარულ რამეს მოვითხოვთ, რომ ქვეყნის სახელით არ გააკეთოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი განცხადებები საერთაშორისო არენაზე და თუ რამეს ისე არ აკეთებს ხელისუფლება, როგორც საჭიროა, ჯერ შიდა სივრცეში გავმართოთ დისკუსია... მაგრამ გინახავთ ჩვენს ტელევიზიებში სერიოზული მსჯელობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე?! მე – არა!

წყარო: Tbiliselebi.ge

ავტორი: ნინო ხაჩიძე