საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ორი კილომეტრი სიგრძის, ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პროფესიული სასწავლებლის, „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება.

„პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა.

როგორც ცნობილია, გზის მშენებლობის პროცესში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა. ფერდის გამაგრებისთვის, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახდა. ახალი გზის უსაფრთხოების მიზნით, 11 ლოკაციაზე მოეწყო ფერდის დამცავი ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, განხორციელდა ფერდების ფორმირება და დატერასება. ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები.

ამასთანავე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩის და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, გზის შუა გამყოფი ზოლი და გამწვანებული კუნძულები მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიებზე, მოეწყო სარწყავი სისტემა, 2800 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი და დაირგო 700-მდე ნერგია, ხოლო 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიყარა მულჩის საფარი. სამუშაოების ღირებულება 431 500 ლარს შეადგენს. გამწვანების სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყო, რომელიც ადაპტირდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი ლიფტით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.