საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები. აზიის განვითარების ბანკი არსებული მდგომარეობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქართველოში ყველაზე დიდ პორტფელს ფლობს, რაც როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მიმართულებით $5 მილიარდს აღემატება.

"ყურადღება გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საქართველოს შესაძლებლობებისა და პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებისკენ. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის როლს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა ადგილობრივ ვალუტაში განახორციელა.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბანკი გააგრძელებს აზიასა და ევროპას შორის რეგიონალურ კარიბჭედ საქართველოს წარმოჩინების ამბიციის მხარდაჭერას. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გაფართოების ფაქტი ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის დიდ მასშტაბზე მეტყველებს", - წერია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი და სხვა პირები.