სინგაპურის სასამართლოს დადგენილებით, შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ს ტრასტმა ბიძინა ივანიშვილის აქტივების დაცვა ვერ უზრუნველყო და ამის გამო, მისთვის $742,7 მილიონის გადახდა დააკისრა.

სინგაპურის სასამართლომ მაისში Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დაავალა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ს ტრასტის ერთეულს ივანიშვილისთვის $600 მილიონზე მეტის ანაზღაურება დააკისრა, „ორმაგი გადახდის“ თავიდან ასარიდებლად, სინგაპურის სასამართლომ თანხა დააკორექტირა.

Credit Suisse-მა მაისში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იყო „მცდარი და წარმოშობს ძალიან მნიშვნელოვან იურიდიულ პრობლემურ საკითხებს“.

ბანკის სპიკერმა აღნიშნა, რომ სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და Credit Suisse Trust Limited გასაჩივრებას განაგრძობს.

საქმე ეხება თაღლითურ ტრანზაქციებს, რომელიც ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა მილიარდერის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რის შედეგადაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიადგა.

კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა.