ესპანეთში Glovo-ს ყველა კურიერი ფრილანსის მოდელიდან საშტატო ერთეულზე გადავა და კომპანიის ოფიციალური თანამშრომელი გახდება. ამის შესახებ გერმანულმა მფლობელმა კომპანია Delivery Hero-მ განაცხადა, რასაც France24 ავრცელებს.

გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლისა და სამართლებრივი დავების შედეგად იქნა მიღებული.

კერძოდ, 2021 წელს ესპანეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომლის ახალი კანონმდებლობა საპლატფორმო სერვისების კურიერებს შრომით უფლებებს ანიჭებდა და მათ ოფიციალურ დასაქმებას მოითხოვდა. ამის მიუხედავად, Glovo-მ რესტორნის შეკვეთების კურიერებისთვის ფრილანსერის სტატუსი შეინარჩუნა, რისთვისაც 205 მლნ ევროთი დაჯარიმდა.

Glovo-ს დაჯარიმებას ესპანეთის შრომის მინისტრ იოლანდა დიასმა “დემოკრატიის გამარჯვება” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიას ამიერიდან კანონის დაცვა მოუწევდა.

სამუშაო მოდელის ცვლილება მხოლოდ Glovo-ესპანეთის ოპერაციებს ეხება, რაც, არსებული პროგნოზით, Delivery Hero-ს 2025 წლის მოგებას 100 მლნ ევროთი დააზარალებს. ცვლილებების გამოცხადების შემდეგ კომპანიის აქციები 11,51%-ით დაეცა.

ამასთან, ევროკავშირმა ოქტომბერში მიიღო დირექტივა, რომელიც ციფრული პლატფორმის მუშაკების საქმიანობას არეგულირებს. ამდენად, France24-ის შეფასებით, Glovo სხვა პლატფორმის სერვისებისთვის მაგალითი გახდება.

ცნობისთვის: 2022 წლის ივლისში Delivery Hero-მ Glovo-ს აქციების უმეტესი წილი შეიძინა. Delivery Hero საკვების შეკვეთისა და მიწოდების კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც გერმანიაში მდებარეობს. ის ამჟამად 70-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი და 500,000-ზე მეტ რესტორანთან პარტნიორობს. Delivery Hero ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე არის კოტირებული. თავად Glovo-ს სათავო ოფისი ესპანეთშია და ამჟამად მსოფლიოს 25 ქვეყნის 1,300-ზე მეტ ქალაქში არის წარმოდგენილი. Glovo-ს პლატფორმას ყოველთვიურად მთელ მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი იყენებს. შეკვეთების მიწოდებაზე 70,000-ზე მეტი კურიერი მუშაობს, ხოლო ასოცირებული პარტნიორების რაოდენობა 150,000-ს აღწევს.

BPN.GE