საბანკო სექტორი დეველოპმენტის სექტორს საკმაოდ აქტიურად აფინანსებს. მათი აქტივების ხარისხი პორტფელის ამ ნაწილში უმჯობესდება. კონკრეტულად, ამ სექტორზე უმოქმედო სესხების წილი მცირდება და აქაც, ჩვენ რაიმე არაჯანსაღ ტენდენციას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამშენებლო სფერო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს.

"უძრავი ქონების ბაზარი არის ჩვენი დაკვირვების მუდმივი საგანი. დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ არაჯანსაღ ტენდენციებს, ან გადახურების ნიშნებს. თუმცა რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ბაზარი და სამშენებლო სფერო წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორს. დიდი წვლილი შეაქვს უძრავი ქონების ოპერაციებს ეკონომიკურ ზრდაში, მაგრამ თუ შევხედავთ ბოლოდროინდელ დინამიკას უძრავი ქონების ფასის თვალსაზრისით, ის არის მთლიანობაში ეკონომიკის ნომინალურ ზრდასთან, რაც იმას მიანიშნებს, რომ ეს დინამიკა ლოგიკურია და საქმე რაიმე არაჯანსაღ ტენდენციასთან არ გვაქვს.

ასევე, ჩვენ ვაკვირდებით მშენებლობის ღირებულებას და აქაც, მთლიანობაში არის თანხვედრა, ანუ დიდი აცდენა  დინამიკაში არ არის - როგორც ბინების ფასების თვალსაზრისით, ასევე მშენებლობის ღირებულებას თვალსაზრისით", - აცხადებს ნათია თურნავა.