„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის დასრულების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„როდესაც ვამბობთ, რომ ვაშენებთ დამოუკიდებელ, ღირსეულ, ევროპულ სახელმწიფოს, რომელმაც თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთაშორისო თანამეგობრობაში, ბევრ პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად ვგულისხმობთ მისი ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასაც, რადგან საქართველოს ნამდვილად გააჩნია რესურსები, რომ სწორი პოლიტიკით და ჩვენი საზოგადოების თანადგომით არამხოლოდ შექმნას ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის საჭირო ენერგეტიკული სიმძლავრეები, არამედ გახდეს სხვა ქვეყნების, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოების საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხითაც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიციური გეგმა - 2030 წლისთვის არამხოლოდ გააორმაგოს, არამედ 10,000 მგვტ-მდე გაზარდოს ქვეყნის დადგმული სიმძლავრე, რაც სრულად უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, ასევე განავითარებს ახალ, ენერგოტევად დარგებს.
„წყალტუბო 500“-ის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტს ზედამხედველობდა უცხოური კომპანიების ერთობლივი საწარმო Decon International GmbH, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კი თურქულმა კომპანია BEST- მა განახორციელა.
ქვესადგურის მშენებლობისას დასაქმებული იყო 350-მდე ადამიანი. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა, პროექტის ღირებულებამ 19.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უკვე ახორციელებს პროექტს, რომელიც 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გულისხმობს - ის წყალტუბოს და ჯვრის 500 კვ ქვესადგურებს ერთმანეთთან დააკავშირებს. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ეს იქნება გადამცემი ინფრასტრუქტურის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლები, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების საშუალებას შექმნის როგორც შიდა ენერგეტიკისთვის, ასევე მისი ექსპორტისთვის, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.