წინასწარი შეფასებით, თებერვალში რუსული გაზის შესყიდვის ფასი მოლდოვასთვის 1000 კუბურ მეტრზე 1054 დოლარი იქნება. ამის შესახებ Moldovagaz-ის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩებანმა დღეს, 31 იანვარს ტელეგრამის არხზე დაწერა.

გაზპრომიდან მიღებული "ლურჯი საწვავის" მთელი მოცულობა გაიგზავნება პრიდნესტროვიეში, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოებისთვის.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 1230 დოლარი იყო. მოლდოვა საკუთარი საჭიროებისთვის იყენებს რუმინეთისა და უკრაინის საწყობებიდან გაზის მარაგებს და ავსებს მათ ევროპელი მომწოდებლების შესყიდვებით.

მანამდე ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ სააგენტოში (ANRE) აღნიშნეს, რომ ბუნებრივი აირის შიდა ტარიფის შემცირების წინაპირობები არ არსებობს, ამიტომ თებერვალში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი უცვლელი რჩება.

მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიდნესტროვიეში გაგზავნილი ენერგორესურსების საფასურის გადახდის ტვირთი ეკისრება ტირასპოლს, კიშინიოვი იხდის მხოლოდ MoldGRES-ის ("ინტერ რაოს" საწარმო, რომელიც მდებარეობს მარცხენა სანაპიროზე) გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე.

მოლდოვის ვიცე პრემიერის, ანდრეი სპინუს თქმით, მოლდოვამ გაზი ამ ზამთრისთვის უზრუნველყო და ახლა მომავალი პერიოდის შესყიდვებზე ფიქრობს. ფასების შემცირების გათვალისწინებით, რესპუბლიკა გააგრძელებს გაზის შესყიდვას მსოფლიო ბაზარზე.

„თუ საფონდო ბირჟაზე გაზის ფასი უფრო იაფია, ვიდრე „გაზპრომის“, მაშინ გაზს ალტერნატიული წყაროებიდან შევიძენთ. დნესტრისპირეთის რეგიონისთვის ჩვენ მოგვიწევს მისაღები გადაწყვეტის შემუშავება“, - დაასკვნა სპინუმ.

ეკა უკლება