საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ივნისს, ბაზარზე 40 მლნ აშშ დოლარი გასაყიდად გაიტანა, საიდანაც 17.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ამით სებ-მა ლარის გაუფასურების ტრენდის შენელება სცადა, რომელიც ფაქტობრივად, 6-თვიანი სტაბილური გამყარების და სტაბილურობის შემდეგ მაისის მეორე ნახევარში დაიწყო.

რადიო „პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე" სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რა დროსაც მარეგულირებელი ბაზარზე ჩარევის აუცილებლობას ხედავს.

„სავალუტო ბაზარზე ჩვენ გასული წლის მეორე ნახევრიდან ვართ აქტიურები. ძირითადად, შეძენის კუთხით და ამას ვაგრძელებთ. მიზანი ლარის გრძელვადიანი სტაბილურობაა. როცა კურსის გამყარება ხდება სწრაფად და ზედმეტად, ამას შემდეგში მოჰყვება გაუფასურება, რაც ბუნებრივია, არასასურველია და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ვალუტის გაზრდილი მერყეობა. ამას ჩვენ ჩვენი ინტერვენციებით ვანელებთ. გარდა ამისა, ჩვენი რეზერვების დონე არ შეესაბამება სასურველს და ეს საშუალებას გვაძლევს ასევე, რომ რეზერვების დონე შევივსოთ.

ამასთან, როცა ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სავალუტო ბაზარზე მოკლევადიანი რყევები დავასტაბილუროთ, ვახორციელებთ ინტერვენციებს. მათ შორის, ვყიდით ვალუტასაც. ამ პერიოდში, თვის ბოლოს იყო ორი მსხვილი ტრანზაქცია, რომელიც ერთმანეთს დაემთხვა. ამის გამო, გადავწყვიტეთ ბაზარს დავხმარებოდით და განვახორციელეთ ინტერვენცია. გამოვიტანეთ 40 მლნ გასაყიდად. აქედან 17 მლნ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან დამატებითი მიწოდებებიც გაჩნდა.

ქვეყანაში სავალუტო ბაზარი ვითარდება. ადრე თუ ბანკთაშორის ვაჭრობა საშუალოდ იყო 5 მლნ, დღეს 15-20 მლნ-ია. ასე რომ, უფრო მეტი მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის დაკმაყოფილება შეუძლია ბაზარს. ასევე, ძალიან სწრაფად ხდება ბაზარზე რეაგირება, ვიდრე ადრე იყო. ჩვენ თუ შევადარებთ განვითარებულ ბაზრებს, იქ როცა ახალი ინფორმაცია გამოდის, წამებსა და წუთებში ხდება მისი ასახვა კურსზე. ჩვენთან ამას ადრე დღეები სჭირდებოდა, ახლა საათები სჭირდება. კონკრეტულად ამ დღეს, როცა ბაზარზე თანხა გამოვიტანეთ, მოიმატა მიწოდებებმა და აღარ იყო საჭირო 40 მლნ-ს გაყიდვა", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, ორი მსხვილი გადარიცხვა, უკავშირდება თუ არა ბიზნესის მიერ მაისის ბოლოს დივიდენდების გასტუმრებას, მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ დიახ, ეს კავშირშია.