ბევრი მანქანა შემოვიდა და კიდევ ბევრი გზაშია და ისინიც დაემატა სარეალიზაციო ავტომობილების რიგს
ავტომობილებზე მოთხოვნა მცირედით იზრდება და ბაზარიც მეტ-ნაკლებად გაჯერდა, მაგრამ ამ პროცესების გავლენა ფასებზე ჯერჯერობით ნაკლებად იგრძნობა. მოლოდინია, რომ ფასების კლების დინამიკა შენარჩუნდება და მომავალ პერიოდში ბაზარს უფრო დაეტყობა.
აზერბაიჯანში ევრო5-ის სტანდარტის დაწესებამ, ასევე საქართველოში რეგულაციების მოლოდინმა იმპორტიორებს გარკვეული პრობლემა შეუქმნა. ყველა ცდილობს შიდა ბაზარზე მიმართოს გაყიდვები, თუმცა სექტორი ფასებს ჯერ კიდევ ვერ თმობს.
იმპორტიორების შეფასებით, ამის მიზეზი ტრანსპორტირების მაღალი ხარჯია, რაც გაიაფების შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა. ამის შესახებ ,,რეზონანსთან" ,,რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ისაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ ბაზარი ნამდვილად გაჯერდა, მაგრამ იმპორტიორებს ასე მარტივად არ უღირთ ფასების დათმობა, როცა მაღალი ხარჯია გაწეული.
,,შიდა ბაზარზე მდგომარეობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა რეექსპორტმა, განსაკუთრებით აზერბაიჯანის მიმართულებით დიდი ცვლილება განიცადა. ქართულ ბაზარზე ელოდნენ, რომ აზერბაიჯანში ვერ გავიდოდა მანქანები და და ცოტა იაფად შეძლებდნენ ყიდვას, მაგრამ არც ასეა საქმე.
ამ მხრივ პრობლემა შექმნა თვითონ აზერბაიჯანულმა მხარემ, გადამზიდავებმა ტარიფები გააორმაგეს, 150 დოლარი თუ იყო ფასი, 300 დოლარი გახდა, რაც ცალკე დიდი პრობლემაა.
მართალია, ცოტათი გაჯერებულია შიდა ბაზარი, მაგრამ იმპორტიორებს მაღალი ფასი აქვთ გადახდილი და ასე მარტივად ვერ გაუშვებენ, რაღაც პერიოდი ეს მოცემულობა შენარჩუნდება და ფასიც თანდათან დასტაბილურდება. მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდები. რეგულაციამდე ჯერ მთელი 7 თვე წინ არის, ჯერ არ ვიცით, დეტალებში არ არის გაწერილი, რას მოგვიტანს იგი", - აღნიშნა ჯამაგიძემ.
ავტობაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენელი ლაშა დარბაისელი, რომლის ინფორმაციითაც, ფასი იკლებს, მაგრამ მკვეთრი ცვლილება გარკვეული მიზეზის გამო ნაკლებად მოსალოდნელია.
,,არ არის გამორიცხული, რომ ფასმა დაიკლოს. საბოლოო ჯამში, ტრანსპორტირების ხარჯიც დიდი გამოწვევაა, ამიტომ მკვეთრ ცვლილებას არ ველოდები. შიდა ბაზრის წილი ახლაც ფაქტობრივად იმ დონეზეა, როგორიც აქამდე იყო. იმპორტს სწორება რეექსპორტზე აქვს. ერთია სურვილი, რომ რეგულაციამდე მოასწრონ და შეიძინონ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები, მაგრამ რეალობა სხვაა. თუ ადამიანს შემოსავალი არ აქვს საკმარისი, რეალიზაციის პრობლემა ყოველთვის იქნება. ფასი კი მართლაც შეიძლება მცირედით დაკორექტირდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" დარბაისელმა.
ამდენად, ავტომობილების ბაზარზე ტენდენცია, შესაძლოა, შეიცვალოს. იმპორტიორთა ერთი ნაწილი ფასების მოსალოდნელ კლებაზე საუბრობს. იმპორტიორ ლევან ქარჩხაძის თქმით, ბაზარი გაჯერდა 2013 წლამდე გამოშვებული მანქანებით, რომლის რეალიზაციის მხრივ პრობლემაა და ერთადერთი გამოსავალია ფასების კლება, რითაც გაყიდვების სტიმულირებას მოახდენენ.
,,აზერბაიჯანში ევრო 5-ის სტანდარტთან დაკავშირებით შეზღუდვამ საქართველოში დიდი პრობლემა შექმნა. ბაზარზე გასაყიდი ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა და გაყიდვები კი გაჭირდა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ფასის კლებაა. ამ ნაბიჯის გადადგმა სეზტოს იძულებით მოუწევს, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს და როგორმე უნდა წახალისდეს რეალიზაცია.
დღეს ქართულ ბაზარზე უფრო ხელსაყრელ ფასად შეიძლება მანქანების ყიდვა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილი ჯერაც გზაშია და ისიც ბაზარს დაემატება. ჩქარობენ, რომ დროულად შემოიყვანონ ავტომობილები, რაც საბოლოოდ ფასებზე აისახება", - უთხრა ,,რეზონანსს" ლევან ქარჩხაძემ.
ორიოდე თვის წინ ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების გაიაფების შესახებ ,,გალტ ენდ თაგარტშიც" განაცხადეს. როგორც საინვესტიციო ბანკში აღნიშნეს, შარშან ახალი ავტომობილები წლიურად 15-20%-ით გაძვირდა, მეორადი კი - 23%-ით. ხოლო 2023 წლიდან მოლოდინი პოზიტიურია.
,,ტრასპორტირების ხარჯები თითქმის 2019 წლის დონეს დაუბრუნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ 2023 წლიდან ფასები შემცირდება და ეს უნდა აისახოს ადგილობრივ ბაზარზეც“, - აღნიშნულია ,,გალტ ენდ თაგარტის" კვლევაში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა.
წყარო: resonancedaily.com