საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუ როგორ აისახება თავისუფალი ვაჭრობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ცხვრის  ექსპორტზე,  ამის შესახებ „კომერსანტთან“ მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი საუბრობს.

მისი თქმით არაბულ სამყაროში ქართული ცხვარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობა დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება, რასაც მეცხვარეთა  ასოციაცია დადებითად  აფასებს.

„ბევრი წელია ვიძახი, ძალიან საჭიროა, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტ ბაზარზე ჰქონდეს წვდომა და ეს წვდომა რაც შეიძლება მეტად გამარტივებული იყოს.

ქართული ცხვარი, ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი არაბულ სამყაროში და განსაკუთრებით ემირატებში, ასე რომ ეს ხელშეწყობაა, მივესალმები და ძალიანაც გვიხარია ეს ყველაფერი.

უბრალოდ, აქ არის ერთი მომენტი, ჩვენთვის ეს ისედაც კარგი საშუალება იყო და ძალიან ბევრი ბიუროკრატიული ელემენტი ცხვრის ექსპორტის დროს არ გვქონია, თუმცა ძირითადად ვაწყდებით ლოგისტიკის პრობლემებს, რაც აძვირებს გადაზიდვას, მაგრამ ალბათ როდესაც მოთხოვნა გაიზრდება და მიწოდება მეტი იქნება, ლოგისტიკური ხარჯებიც დაიკლებს“, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

commersant.ge