ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალ წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, გათვალისწინებულია 6 მილიარდ 460 მილიონი ლარი.

მისი თქმით, თუ 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებულ პროგრამებს არ ჩავთვლით, ბოლო 4 წელიწადში, სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია, თითქმის, 80%-ით.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წლის სოციალური პროგრამების თანხის განაწილება სხვადასხვა პროგრამებზე შემდეგია: 3 მილიარდ 930 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის; 1 მილიარდ 519 მილიონი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის; 430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე; მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს; დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი; 76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე.