„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია, თბილისის ცენტრში დეველოპერების მიერ ჯერ კიდევ ყველაზე აუთვისებელ სივრცეს წარმოადგენს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე განლაგებულია და მოქმედებს თერთმეტი საგამოფენო პავილიონი, საერთო ფართობით 7410 კვ.მ, ხოლო 29 199 კვ.მ ღია გამწვანებული ტერიტორია.

Expo Georgia არამარტო საქართველოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის წამყვანი საგამოფენო ცენტრია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს მრავალფეროვან ინდუსტრიულ გამოფენებს.

„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგმება, რისთვისაც მფლობელებმა ბიზნესმენ მინდია საბანაძის შვილთან ერთად მენეჯმენტ კომპანია შექმნეს.

არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობა დაგეგმილი არ არის. თუმცა, „ექსპო ჯორჯიას“ მფლობელი კომპანიის სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორმა რესან ქიქავამ და მეწილემ ლადო ჩიხლაძემ მიმდინარე წლის მაისში კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ წევრ და ბიზნესმენ მინდია საბანაძის შვილ ნოდარ საბანაძესთან ერთად კომპანია შექმნეს. ახალიკომპანია შპს „ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958“- ია, რომელშიც წილები ასე ნაწილდება: რესან ქიქავა - 10% (დირექტორი), ლადო ჩიხლაძე - 40%, ხოლო ნოდარ საბანაძე - 50%.

დეტალების გადამოწმება „კომერსანტმა“ „ექსპო ჯორჯიაში“ სცადა, თუმცა როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ ეტაპზე რაიმე სიახლე დეველოპმენტის მიმართულებით არ იგეგმება, გარდა ამისა არც მფლობელების და არც საქმიანობის კუთხით ცვლილებები არ არის.

„ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხადა „ექსპო ჯორჯიას“ მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ცაიშვილმა.

ნოდარ საბანაძე ბიზნესმენ მინდია საბანაძის თითქმის ყველა კომპანიის მეწილეა. გარდა ჰოლდინგური კომპანია IG International-სა, რომლის პორტფელი საქართველოში საკმაოდ დივერსიფიცირებულია უძრავი ქონების კომპანიებთან ერთად განათლების, ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებით, ის წილებს ფლობს შემდეგ ორგანიზაციებში: შპს ვესტ ინვესტ, შპს ნოსტე, შპს ბლექტოპ და სხვა.

ცნობისთვის, წერეთლის საგამოფენო ცენტრის ისტორია 1958 წელს დაიწყო. საბჭოთა კავშირმა 10 წელიწადში ააშენა საგამოფენო დარბაზები ინდუსტრიული გამოფენის მოსაწყობად.

commersant.ge