თბილისში 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასფალტის საფარი 1 600 მეტრ სიგრძეზე დაიგება.

მისი თქმით, პროექტის პირველ ეტაპზე მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება.

„ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ცხადია, უამრავი გამოწვევა არსებობს და ეტაპობრივად მივყვებით. გვინდა, ყველა იმ ქუჩისა და გამზირის მოწესრიგება-განახლება მოხდეს, რომელიც პრობლემურია და პრიორიტეტულია. 10 ივნისიდან ვიწყებთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პირველ რიგში, შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს და მოწესრიგებას საჭიროებს. 1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი. დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.

სატრანსპორტო საშუალებებს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.

ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:

N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად – სოფელ თხინვალიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი გაემართება სოფელ თხინვალის მიმართულებით.

N302, N304, N310, N392 ავტობუსები უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან წრეზე მობრუნდებიან კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, სადაც იქნება მათი ბოლო გაჩერება.