საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ან/და დარიცხვის გადამოწმება, ასევე სხვა სახის განცხადებები, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის განაცხადის გარდა.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე იუსტიციის სახლის მუხრანის ფილიალს ესტუმრნენ და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

იუსტიციის სახლში  კომუნალური სერვისების დანერგვის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით დღემდე  60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.