გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულზე (UNGA High-Level Week), ნიუ-იორკში სელფი ორი მომხსენებლით იქნება წარმოდგენილი - კომპანიის გენერალური დირექტორი როსტომ ტალახაძე და რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ.
სელფის გენერალური დირექტორი, გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) Leaders Summit 2026-ზე მონაწილეობს სესიაში „Integrity as a Competitive Advantage“ („კეთილსინდისიერება, როგორც კონკურენტული უპირატესობა“), რომელიც ბიზნესის, აკადემიური სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. სესიის მომხსენებლებს შორის არიან Harvard Business School-ის პროფესორი ლინ პეინი და Deloitte-ის, RELX-ის, Safaricom-ის, AtkinsRéalis-ისა და CMPC-ის წარმომადგენლები.
Leaders Summit-ი გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიური შეხვედრაა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში იმართება. წელს სამიტი 22-23 სექტემბერს ნიუ-იორკში თავს მოუყრის მსოფლიოს ბიზნესლიდერებსა და ექსპერტებს, მდგრადი ზრდისა და გლობალური გამოწვევების საპასუხოდ კერძო სექტორის როლის განსახილველად.
სესიაზე როსტომი საერთაშორისო აუდიტორიას სელფის ტრანსფორმაციის გამოცდილებასა და კომპანიის ხედვას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კეთილსინდისიერება და შესაბამისობის მაღალი სტანდარტები იქცეს არა მხოლოდ კორპორაციულ ვალდებულებად, არამედ ნდობისა და გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის საფუძვლად.
25 სექტემბერს კი, სელფის რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ია დისკუსიის „AI and People: Inclusion, Skills, and the Future of Work“ მომხსენებელი იქნება. მსჯელობა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას, სამუშაო გარემოს ცვლილებას, ახალი უნარების განვითარებასა და ინკლუზიურ ციფრულ ტრანსფორმაციას შეეხება. ია საერთაშორისო აუდიტორიას ხელოვნური ინტელექტის ეთიკის, მმართველობისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით საკუთარ ხედვასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს.
სელფის მონაწილეობას ხსენებულ დისკუსიებში კომპანიის მიერ ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და შესაბამისობის მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებიც ამყარებს. 2025 წელს სელფი გახდა ერთადერთი ტელეკომ კომპანია საქართველოში, რომელმაც ISO 37001 ანტიკორუფციული მართვის სისტემისა და ISO 37301 შესაბამისობის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატები მოიპოვა.
სელფი ასევე არის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი და აქტიურად მონაწილეობს პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის, გამჭვირვალობისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობ აქტივობებში.













