ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას ჯანდაცვის სისტემაში „მძლავრი ჯგუფების ბიზნესინტერესები“ არსებობის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ჯანდაცვის სექტორი იზრდება, რისკებიც ჩნდება.

„ჯანდაცვის სექტორი 2012 წლიდან მოყოლებული არის სწრაფად მზარდი. როდესაც კონკრეტული სექტორი სწრაფად იზრდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვა, იქ რისკებიც ჩნდება, მათ შორის კარტელური გარიგებების, არასწორი პროცესების რისკიც იზრდება. აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო. მადლობას გადავუხდი ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სექტორი ჩვენს ქვეყანაში არასწორი მიმართულებით არ განვითარებულიყო. ყურადღება მომავალშიც არის საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით კომუნიკაციაში გარკვეული ხარვეზები იყო.

„თუმცა, ეს ხარვეზები იყო არსებითი თავის შინაარსით. აქედან გამომდინარე, იქნა ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურაბ აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას თავისი მრავალწლიანი საქმიანობის გამო აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.