მილიონობით წლის განმავლობაში დედამიწის წიაღში დალექილ მცენარეული და ცხოველური ნარჩენებისგან წარმოქმნილ „წიაღისეულ საწვავს“ (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი) ადამიანები მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ენერგიის წყაროდ იყენებენ. ჩვენ არ ვიცით რა რაოდენობის ქვანახშირი ან ნავთობი არის დედამიწაზე, თუმცა მათ განუზომლად უფრო სწრაფად მოვიხმართ, ვიდრე ისინი ბუნებრივად აღდგება. წიაღისეული საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა მისი გარემოზე ზემოქმედება და კლიმატის ცვლილებაა. საწვავის მოხმარების დროს გამოყოფილი ნახშირორჟანგი, მეთანი და სხვა აირები დედამიწაზე ტემპერატურის ზრდის, ანუ გლობალური დათბობის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია.
ამიტომ, წიაღისეული საწვავის მოხმარებიდან სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე გადასვლა თანამედროვე მსოფლიო ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი ამოცანაა. ეს რესურსებია მზის, ქარის, წყლის, ზღვის ტალღების, ბიომასის და გეოთერმული ენერგია. მათ განახლებადი ენერგიის წყაროები ეწოდება, რადგანაც სანამ დედამიწა და მზე არსებობს, ისინი არ ამოიწურება და იმაზე სწრაფად განახლდება, ვიდრე იხარჯება.
ჰიდროენერგია დღეისათვის განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი წყაროა. წყალი ამოძრავებს ტურბინებს, რაც მექანიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები იყენებენ წყალსაცავებს. წყალსაცავში დიდი რაოდენობით წყალია დაგროვებული, წყალსაცავის ფსკერთან ახლოს კი არის წყლის გამოსაშვები არხი, სადაც წყალი დიდი სიმძლავრით მიედინება და ამოძრავებს ტურბინას. ზღვის/ოკეანის ტალღების მოქცევისაგან ელექტოენერგიის მიღებაც იმავე პრინციპს ემყარება, რაც წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში გვაქვს - ზღვისა და ოკეანის მიქცევისა და მოქცევის ენერგია ამოძრავებს ტურბინებს, გენერატორებს და მიიღება ელექტროენერგია, თუმცა ამ შემთხვევაში ტექნოლოგია შედარებით მრავალფეროვანი და ძვირია.
სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით მზის ენერგია თბურ ან ელექტროენერგიად გარდაიქმნება. ეს სპეციალური მოწყობილობებია:
1) მზის კოლექტორი - მზის წყალგამაცხელებელი, რომელიც გათბობისა და წყალმომარაგებისთვის გამოიყენება.
2) მზის ელქტროსადგური - მზისგან ელექტროენერგიის მიღების საშუალება.
არსებობს 2 ტიპის ელექტროსადგური: 1) მზის თბოელექტროსადგური - მზის ენერგია ჯერ თბურ ენერგიად, შემდეგ კი ელექტროენერგიად გარდაიქმნება და 2) ფოტოელექტროსადგური (PV) - სადაც მზის ენერგია პირდაპირ ელექტროენერგიად გარდაიქმნება.
ქარის ენერგიას რაც შეეხება, თანამედროვე ტექნოლოგია სპეციალური ტურბინების საშუალებით ქარის ენერგიისგან ელექტროენერგიის მიღებას უზრუნველყოფს. ქარის ტურბინები განლაგებულია როგორც ხმელეთზე, ისე ზღვებსა და ოკეანეებში. გეოთერმული ენერგია დედამიწის გულში არსებული ენერგიაა. დედამიწის გული გავარვარებული მასაა, მისი სიმხურვალე მზის სიმხურვალესაც კი აჭარბებს. გეოთერმული ენერგია ჩვეულებრივ გამოიყენება გათბობისა და ელექტროენერგიის მიღებისათვის.
და ბოლოს, აღსანიშნავია ბიომასის ენერგია. კაცობრიობამ პირველად სწორედ ბიომასის ენერგიის გამოყენება დაიწყო. გასათბობად, საკვების მოსამზადებლად თუ ცხოველების შესაშინებლად დანთებული კოცონი ბიომასის ენერგიის პრაქტიკული გამოყენებაა. ბიოენერგიის სახეობები მრავალფეროვანია და მოიცავს მყარ ბიოსაწვავს (შეშა, პელეტები, ბრიკეტები, ა.შ.) და თხევად ბიოსაწვავს (ბიოგაზი).
ამდენად, განახლებადი ენერგიის წყაროების მრავალფეროვნება წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებისთვის კარგ გარემოს ქმნის, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი. საჭიროა ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების განვითარება, ინვესტიცია, პრობლემურია შესაბამისი ადგილების შერჩევა და სხვ. თუმცა, ივარაუდება, რომ ერთ დღესაც ჩვენს სახლებს, სამსახურებს, და ტრანსპორტს ემისიებისგან თავისუფალი, სუფთა ენერგია მოამარაგებს.