ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, საქართველო, გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს ეკონომიკურ მდგრადობას და არის მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

მისივე თქმით, 2024 წელი გლობალურად გამოწვევებით სავსე წელი იყო და აღნიშნული, მათ შორის, აისახა ინვესტორებზე.

თუმცა, ვახტანგ ცინცაძის განმარტებით, საქართველო ინვესტიციების მაჩვენებლით გლობალურად კვლავ ერთ-ერთი ლიდერია.

„ერთი გარემოებაა, რომ 2024 წელს გლობალურად ჯერ კიდევ ნარჩუნდებოდა მაღალი საპროცენტო განაკვეთები; მეორე – ძირითად ეკონომიკებში 2024 წელი იყო არჩევნების პერიოდი. ყოველივე ზემოაღნიშნული გლობალურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე უარყოფითად აისახა და 2024 წელს გლობალურად ინვესტიციების მაჩვენებელი 8 პროცენტით შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებს და ევროპას თუ შევხედავთ, აქ დაახლოებით 45-პროცენტიანი შემცირება გვაქვს. ამ ფონზე საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელმა 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მეოთხე კვარტალში ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა და დაახლოებით 25 პროცენტით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათმა მოცულობამ 367 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობას თუ შევხედავთ ეკონომიკის ზომასთან მიმართებით, აქ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ამ მაჩვენებლით გლობალურად კვლავ ერთ-ერთი ლიდერია. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, და, ზოგადად, გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს ეკონომიკურ მდგრადობას და არის მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.