საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს საფინანსო სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნინო ჯელაძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კითხვის საპასუხოდ, განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ეროვნული ბანკის ნაწილში ნაკისრი ვალდებულებების უდიდესი ნაწილი შესრულებულია.
"ეროვნული ბანკი განაგრძობს დინამიკური აპროქსიმაციის პროცესს ევროდირექტივებთან და ევროსტანდარტებთან. ჩვენ ევროკავშირის კანონმდებლობაში არსებულ ცვლილებებს მუდმივად ვუწევთ მონიტორინგს, ვაკვირდებით და სამუშაო შეხვედრებზე განვიხილავთ. გარდა ამისა, ვახდენთ ადაპტაციას და შესაბამის რეგულაციებში ასახვას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან. ასევე, ვმუშაობთ ევროპის ცენტრალურ ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით - განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობის კუთხით და ასევე, ფულის გათეთრების რისკების პრევენციის კუთხით. მუდმივად გვაქვს სამუშაო შეხვედრები, სადაც განვიხილავთ მიმდინარე რეფორმებს როგორც მათთან, ასევე, ჩვენთან.
გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ვირტუალური აქტივების პროვაიდერების კუთხით ფულის გათეთრების რისკების პრევენცია და დაზღვევა. ამ მიმართულებითაც აქტიური მოლაპარაკებები და შეხვედრები გვაქვს ევროკავშირის სხვადასხვა საფინანსო უწყებებთან, რომლებთანაც თანამშრომლობის გაღრმავებას ვაპირებთ. შესაბამისად, ის ინოვაციები და რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების პრევენციის მიზნის გვსურს საქართველოში დავნერგოთ და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გავაგრძელოთ", - აცხადებ ნინო ჯელაძე.