ლაგუნა ვერეს მიმდებარედ განთავსებული „ვისოლის“, „გალფისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების ქონება დაახლოებით 7.2 მილიონ ლარად შეფასდა. Ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი 483 კვ.მ-ია (შენობა - ნაგებობის ფართი 89.77 კვ.მ). აღნიშნული მიწის ნაკვეთი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2023 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით, შეფასებულია 2 180 127ლარად.

რაც შეეხება, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს, მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი არის 234 კვ.მ (შენობა - ნაგებობა N1; საერთო ფართობი: 23 კვ.მ). სამხარაულის ეროვნული ბიუროს გასული წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით 2 462 108 ლარად არის შეფასებული.

ამავე პერიოდის მდგომარეობით, 2 547 245 ლარად შეფასდა „ლუკოილ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი 318 კვ.მ-ია (შენობა - ნაგებობა N1; ფართი: 35.49).

შეგახსენებთ, რომ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. საუბარია „ვისოლის“, „გალფისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, რომელთა ადგილმონაცვლეობა ე.წ გლდანის ხიდებისა და ლისის ტბის მიმდებარედ განხორციელდება. ამასთანავე, „ვისოლის“ შემთხვევაში, თვისობრივად იცვლება მიწის ნაკვეთის ფუნქცია, კერძოდ, იმაზე გაცილებით დიდ ფართობზეა საუბარი, ვიდრე კომპანიას გმირთა მოედნის მიმდებარედ ჰქონდა, შესაბამისად, კომპანია ამ თანხის სხვაობას თავად დაფარავს.


წყარო: bpn.ge