„საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობა და მისი მზადყოფნა თანამედროვე გამოწვევებისადმი, მთლიანობაში და დიდწილად განსაზღვრავს ქართული ეკონომიკის განვითარების ვექტორს და მის უკეთეს პერსპექტივას“, - ამის თაობაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ თბილისში გამართულ "მწვანე, ინკლუზიური და ზრდის ფინანსების" კონფერენციაზე ფინანსისტმა,  პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს აქვს გაღებული საქართველოში  გამართული საბანკო და მთლიანობაში-საფინანსო სისტემის ჩამოყალიბების საქმეში.

"შეიძლება თამამად ითქვას, რომ დასავლურ ფინანსურ რესურსებთან წვდომა საქართველოს საფინანსო ბაზრის სწორად განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი გახდა“, - აღნიშნა კოვზანაძე.

ბანკირმა განმარტა, რომ  ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ  განსახილველად, სამსჯელოდ და სადისკუსიოდ დასმული ისეთი საკითხები, რაც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში ინკლუზიური და მწვანე დაკრედიტების წილის ზრდას განაპირობებს, სადღეისოდ არსებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„ვფიქრობ, ძალიან დროული და საჭირო ინიციატივა განხორციელდა დღევანდელი  წარმომადგენლობითი შეკრების ფორმატში, როცა ყურადღება გამახვილდა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში ინკლუზიური და მწვანე დაკრედიტების წილის ზრდის აუცილებლობაზე და ამ პროცესის სასიკეთო გავლენაზე.

მოხარული ვარ და მივესალმები, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც საქართველოს  ფინანსური სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური კრედიტორი და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერია, დარგის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს ქვეყანაში მწვანე ფინანსების, ინკლუზიური ფინანსებისა და ინოვაციების ფინანსების განვითარებას“, - აღნიშნა კოვზანაძემ.