Home » ბიზნესი » ზვიად ციკოლია წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავს: ძალას არ ვიშურებთ ქვეყნის წარმოსაჩენად

ზვიად ციკოლია წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავს: ძალას არ ვიშურებთ ქვეყნის წარმოსაჩენად

საქართველოში „ციკოლიას“ ბრენდის პირველი მოდელი უკვე აეწყო, გაყიდვაში დეკემბერში ჩაეშვა და 100 ეგზემპლარიდან უკვე თითქმის აღარცერთი დარჩა.

ცნობილი დიზაინერი სამომავლოდ წარმოების საქართველოში გადმოტანასაც გეგმავს. ზვიად ციკოლიას თქმით, ეს ყველა პროცედურის, მათ შორის, ხარისხის კონტროლის საშუალებასაც მისცემს და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკასაც სასიკეთოდ წაადგება.

ადგილობრივი წარმოებით პროდუქციის რაოდენობა შეიზღუდება, თუმცა მოიმატებს ფასი. ამჟამად „ციკოლია“ ხელმისაწვდომი ლუქს ბრენდია, რომელიც ამ სახელით 2015 წლიდანაა წარმოდგენილი, მანამდე კი საათები “UNIQ-ის“ სახელწოდებით იქმნებოდა.

2019 წელს “ციკოლიამ“ დაახლოებით 2200 საათის ეგზემპლარი შექმნა, 2020 წელს კი მაჩვენებლმა 5000-ს მიაღწია.

პანდემიის მიუხედავად, გამოწვევებით სავსე წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

„სირთულეებს საპასუხო აგრესიით შევხვდით და როგორც აღმოჩნდა, ჩემი გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საათებზე უახლოეს მომავალში წარწერა – made in Georgia გაჩნდეს. ამ სფეროში პირველები ვართ და ძალისხმევას არ ვიშურებთ, ქვეყნის სახელი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ,“ – საუბრობს, ბიზნესპარტნიორთან დიზაინერი ზვიად ციკოლია.

გარდა საათებისა, რომელიც უნიკალური დიზაინით და კარგი მახასიათებლებით კონკურენციას უკვე არსებულ ავტორიტეტულ ბრენდებს უწევს, „ციკოლია“ საიუველირო ხაზითაც განვითარდა და ქართული კულტურისა და იდენტობისთვის დამახასიათებელი სიმბოლო – ქვევრი – სხვადასხვა ვარიაციით – აქსესუარებადაც წარმოადგინა.

დიზაინერის გეგმებში ბევრი ჩანაფიქრია, რომელზეც ჯერ ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა მომხმარებლს საინტერესო სიურპრიზებს ჰპირდება.

წყარო: business-partner.ge

Share