Home » ეკონომიკა » ზურაბ ჯაფარიძე: ხელოვნური რეგულაციები თამბაქოს მოხმარებას ვერ შეამცირებს
ზურაბ ჯაფარიძე: ხელოვნური რეგულაციები თამბაქოს მოხმარებას ვერ შეამცირებს

ზურაბ ჯაფარიძე: ხელოვნური რეგულაციები თამბაქოს მოხმარებას ვერ შეამცირებს

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „თამბაქოს მოხმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის ინიციატორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გუგული მაღრაძეა, არაეფექტური იქნება და განსაკუთრებულ შედეგს ვერ მოიტანს.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საჭიროა არა აკრძალვების დაწესება, რომელიც არ მუშაობს, არამედ ახალგაზრდებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი განათლების მიცემა.

„ჩემი აზრით, ასეთ რეგულაციებს არანაირი განსაკუთრებული შედეგი არ ექნება იმ თვალსაზრისით, რომ მათი მიღებით მოქალაქეები თამბაქოს მოხმარებას თავს არ დაანებებენ. არ მგონია, რომ ამას სერიოზული ეფექტი ჰქონდეს.

განათლების მხრივ არის ძალიან ბევრი რამ შესაცვლელი. ბავშვებს და ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ, ზოგადად რატომაა ნარკოტიკები მავნე. ეს არის ის, რაც საბოლოო ჯამში მოიტანს შედეგს. ჩემი აზრით, ეს არის სწორი გზა, რითაც ჩვენ უნდა წავიდეთ და არა ის, რომ რაღაც ხელოვნურად რეგულაციები შემოვიღოთ. არანაირი რეგულაციები შედეგს არ მოიტანს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციები ეკონომიკაზე ნაკლებად მოახდენს გავლენას, რადგან თამბაქოს მომხმარებელზე აკრძალვები არ იმოქმედებს, შესაბამისად, გაყიდვებიც არ შემცირდება.

„ეკონომიკური თვალსაზრისით ამ რეგულაციებმა არ მგონია, რაღაც დიდი ეფექტი იქონიოს. ნიკოტინს ვინც მოიხმარს, ის მაინც გააგრძელებს ამის კეთებას. ამიტომ არ მგონია, ბიუჯეტზე განსაკუთრებული გავლენა ჰქონდეს ამ ყველაფერს. ეს საკითხი ნაკლებად არის ეკონომიკური. უფრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი მგონია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამისთვის საჭიროა განათლების მიცემა და არა აკრძალვების შემოტანა. აკრძალვები არ მუშაობს არსად დედამიწაზე“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

თამბაქოს რეგულაციების შესახებ კანონპროექტი მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. მათ შორის, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ხილვადობის შემცირება, გარე რეკლამების აკრძალვას, კაფე-ბარებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას.

გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისიწნებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების მიერ დაკავებული ფართობის 30%-დან 65%-მდე გაზრდას.

ამასთან, ცვლილებები ითვალისიწნებს თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაციის აკრძალვას იმ ფორმით, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.

პარლამენტართა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებების მიღებამდე კანონმდებლებმა საკითხი კარგად უნდა შეისწავლონ და სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს არა რეგულაციებსი დაწესება, არამედ საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება.

Share