Home » საზოგადოება » ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს

ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს

ლიეტუვის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ქვეყნის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სეიმის საბჭომ დღეს მიიღო. პავილიონისის ვიზიტის შესახებ კითხვები ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს გაუჩნდათ.

„ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა. ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე და მეორე – დაადანაშულოს“, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა იულიუს საბატაუსკასმა.

პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც. მისივე თქმით, პავილიონისის ნებისმიერი განცხადება შეიძლება გამოიყენონ „არამეგობრულმა ძალებმა“, რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ პავილიონისს ჰქონდა პირადი პოზიცია, ის საქართველოში ვიზიტისას განსაკუთრებულად დიპლომატიური უნდა ყოფილიყო“, – განაცხდა ჩმილიტე-ნილსენმა.

Share