ეს მხოლოდ დასაწყისია – ეს იყო დიმიტრი ზელენსკის პირველი სიტყვები ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ. უკვე ფაქტია – ცნობილი შოუმენი უკრაინის პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში იბრძოლებს. განათლებით იურისტი, მსახიობი, შოუმენი, სცენარისტი, სამხატვრო ხელმძღვანელი, პროდიუსერი, – ეს მისი რეგალიების ჩამონათვალია. და მაინც – ვინ არის უკრაინის შესაძლო მომავალი პრეზიდენტი?

ბავშვობა და სტუდენტობა

ვლადიმირ ზელენსკი 1978 წლის 25 იანვარს დაიბადა კრივოი როგში. მამა – ალექსანდრე ზელენსკი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დედა კი დიასახლისი იყო.

ზელენსკი კრივოი როგის 95 -ე ინგლისურენოვან სკოლაში სწავლობდა. მან “მსახიობობა“ ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. სკოლის ანსამბლში გიტარაზეც უკრავდა.

„ყველას გძელი თმები ჰქონდა და ეს ძალიან მომწონდა. ჩემი თმები ძალიან ხვეულია. ამიტომ, ჩემი თმაც რომ ლამაზი ყოფილიყო, ვისველებდი ხოლმე. ასე რომ, სცენაზე ხშირად სველი თმებით გამოვსულვარ”, – იხსენებს ზელენსკი.

“მსკ-ით“ (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) ჯერ კიდევ სკოლაში “დაავადდა“. თუმცა, როგორც თვითონ იხსენებს, დიპლომატობაზე ოცნებობდა.
“ვემზადებოდი მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ინსტიტუტში ჩასაბარებლად. თუმცა, მერე ისე მოხდა, რომ იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. მაგრამ  ჩემი სპეციალობით ერთი დღეც არ მიმუშავია. ჩემი სამსახური სცენა იყო.  ჯერ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა “მსკ-ში“ ვმონაწილეობდი, “მიუსაფარის“ გუნდის სახელით, შემდეგ იყო სხვა გუნდები“, – ყვება ვლადიმირ ზელენსკი.

ამავე პერიოდში, მეგობრებთან ერთად დააფუძნა “კვარტალი-95“ , რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარული კომედი-შოუა, არა მარტო უკრაინაში.

პარალელურად, ვლადიმერ ზელენსკის აქტიურად იღებდნენ კინოში.

სერიალი „ხალხის მსახური“(2015 წელი) ყველაზე საინტერესო და ალბათ, კარმულიც აღმოჩნდა, სადაც ის პრეზიდენტის როლს თამაშობდა.

სამოქალაქო აქტივობა

2014 წელს ვლადიმირ ზელენსკი ევრომაიდანის აქტიური მხარდამჭერი იყო. მოგვიანებით კი, როცა სამხრეთ უკრაინასთან კონფლიქტი დაიწყო, “კვარტალი-95-ის“ წევრებმა ოფიციალური კიევის მხარდამჭერი კონცერტები გამართეს და უკრაინის არმიას მილიონი გრივენი გადაურიცხეს.

41 წლის შოუმენმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში.

პირადი ცხოვრება

ვლადიმერ ზელენსკი სკოლის პერიოდში გოგოებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ის საკმაოდ ერთგული მეუღლე აღმოჩნდა.


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერმა მომავალი მეუღლე კრივოროჟსკის ეკონომიკური ინსტიტუტის პირველ კურსზე გაიცნო.
ვლადიმერ და ელენა ზელენსკებმა 2003 წელს იქორწინეს.

ელენა ბოლო დრომდე ქმართან ერთად, იუმორისტულ პროექტებზე მუშაობდა.


2004 წელს წყვილს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრა დაარქვეს.


მეორე შვილი კი ზელენსკებს 2013 წელს გაუჩნდათ. ამჯერად წყვილს ვაჟი – კირილი შეეძინათ.

წყვილი ხშირად ჩნდება ყველაზე რეიტინგული ჟურნალების გარეკანზე. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას,  ვლადიმერ და ელენა ზელენსკებს ბედნიერი ოჯახი აქვთ.

გადაინაცვლებს თუ არა ზელენსკების ოჯახი პრეზიდენტის სასახლეში,  21 აპრილს გახდება ცნობილი