Home » მსოფლიო » ზელენსკი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე: მარადიული საქმრო-საცოლესავით მუდმივად შეხვედრა არ შეგვიძლია – ურთიერთობები უნდა დავაკანონოთ

ზელენსკი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე: მარადიული საქმრო-საცოლესავით მუდმივად შეხვედრა არ შეგვიძლია – ურთიერთობები უნდა დავაკანონოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის მოსაცდელში უსასრულოდ ვერ იდგება.

„ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. ჩვენმა ქვეყანამ დიდი მსხვერპლი გაიღო. უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის მოსაცდელში უსასრულოდ ვერ იდგება. დადგა ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლისა და ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის მიწვევის დრო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უკრაინელი ხალხი უჭერს.

„საფრანგეთი დიადი ქვეყანაა. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენს მისწრაფებებს. თუ ჩვენ ერთ ოჯახს ვეკუთვნით, მაშინ ერთად უნდა ვიცხოვროთ. მარადიული საქმრო-საცოლესავით მუდმივად შეხვედრა არ შეგვიძლია. ჩვენი ურთიერთობები უნდა დავაკანონოთ, შვილები უნდა გვყავდეს, ანუ საერთო მომავალი უნდა დავსახოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

imedinews.ge

Share