Home » ბიზნესი » ზაზა ფაჩულიას 3-მილიონიანი ინვესტიციიით, თბილისში Shoot 360-ის ფილიალი გაიხსნა

ზაზა ფაჩულიას 3-მილიონიანი ინვესტიციიით, თბილისში Shoot 360-ის ფილიალი გაიხსნა

ზაზა ფაჩულიამ თბილისში, საკუთარ აკადემიაში, SHOOT 360-ის დარბაზი გახსნა, რომელიც თანამედროვე ინტერაქციულ ტექნოლოგიასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლებას აერთიანებს. ეს SHOOT 360-ის პირველი ფრენჩაიზია ევროპაში, რაც ქართველი კალათბურთელებისთვის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ფაჩულიამ პროექტში 3 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

“ამ პროექტზე 2 წელი ვსაუბრობდით. მიზანი ის იყო, რომ პირველი ლოკაცია ევროპაში საქართველო ყოფილიყო და მიხარია, რომ ეს ტექნოლოგია უკვე აქ არის. ახალგაზრდა თაობას შეეძლება, სწრაფი ტემპით განვითარდეს. ეს ტექნოლოგია ბავშვების ენაზე საუბრობს და ნებისმიერ კალათბურთელს დიდ დახმარებას გაუწევს”, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

SHOOT 360 მოტამაშეებს სროლის ტექნიკის დახვეწაში დაეხმარება. ფაჩულიამ დარბაზის გახსნაზე სიტყვით მიმართვისას სტეფ კარის რეკორდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტეფიც სწორედ ასეთ დარბაზში ვარჯიშობს. შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.

“დიდი პატივია, რომ ვესწრები ასეთი ცენტრის გახსნას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ახალგაზრდებს შანსი ექნებათ, რომ გაიუმჯობესონ საკალათბურთო უნარები. გარდა ამისა, მათ უნდა ისწავლონ გუნდურობა, რაც ზაზამ ძალიან კარგად იცის.

ის გოლდენ სტეიტ უორიორსში თამაშობდა, რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქის, სან ფრანცისკოს გუნდია. მათ ზედიზედ ორი ჩემპიონობა მოიპოვეს. მიხარია, რომ ზაზა ასე ეხმარება ქართველ სპორტსმენებს, აშშ-ის საელჩო კი ამაყობს, რომ ქართული სპორტის მხარდამჭერია. ჩვენ NBA JUNIOR ლიგის მხარდამჭერებიც ვართ”, – განაცხადა ელჩმა.

Share