Home » ბიზნესი » ზარალზე მომუშავე ჰიპერმარკეტი „დომინო“ 23 720 კვ.მ-ზე $5 მილიონის ინვესტიციით ახალ ფილიალს ააშენებს

ზარალზე მომუშავე ჰიპერმარკეტი „დომინო“ 23 720 კვ.მ-ზე $5 მილიონის ინვესტიციით ახალ ფილიალს ააშენებს

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის ჰიპერმარკეტი „დომინო“ ახალ ფილიალს გახსნის. მაღაზია დიღომი-გლდანის შემაერთებელი მაგისტრალის ჩრდილოეთით, ბელიაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე აშენდება.

შეგახსენებთ, რომ „კომერსანტის“ ინფორმციით, რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის ჰიპერმარკეტი „დომინო“ – შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბრენდი, მეხუთე წელია ზარალზეა. ამის შესახებ კომპანიის 2020 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის მიხედვით, პანდემიური 2020 წელი კომპანიამ 7,1 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა.  2019  წელს კომპანიის ზარალი 7.2 მლნ ლარს შეადგენდა.

როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, სავაჭრო ცენტრი 23 720 კვ.მ-ზე აშენდება და ძირითადად ერთ სართულიანი იქნება. შენობის მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება 2 სართულიანი, სადაც საოფისე ნაწილი განთავსდება. პირველ სართულზე ძირითადი სავაჭრო სივრცე, საწყობები და სალაროები განთავსდება.

 

პროექტის ესკიზი არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია, დედაქალაქის მთავრობას გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვაც.  თუმცა, შპს „CBD Development“  ახლა შეთანხმებული პროექტის ცვლილებას ითხოვს. არასრულყოფილი და ხარვეზების შემცველი დოკუმენტაციის წარმოდგენის გამო განცხადებას ახლა შუალედურის სტატუსი აქვს. ხარვეზების გამოსწორებისთვის კომპანიას 15 სამუშაო დღე  მიეცა.

ირკვევა, რომ შენობას აქვს ბრტყელი სახურავი რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ავტოსადგომს 391 ავტომობილზე. სახურავზე (ავტოსადგომზე) პირველი სართულიდან მოხვედრა ხდება როგორც ტრაველატორების, ასევე ლიფტების საშუალებით.

 

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საპროექტო ტერიტორიას აღმოსავლეთით მერიის საკუთრებაში არსებული სასაფლაო ესაზღვრება, სამხრეთით ქართულ- ამერიკული მეგობრობის გამზირი, დასავლეთით საავტომობილო გზა რომლის მეორე მხარეს მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ჩრდილოეთით სასაფლაო და საავტომობილო გზა. საპროექტო ტერიტორიაზე შენობა ნაგებობები არ მდებარეობს.

მომზადებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ პროექტის ფარგლებში ნარჩუნდება არსებული ხე-ნარგავები. ასევე დამატებით ირგვება 230 ხე. დენდრო პროექტი კომპანიას გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის სამსახურთან უკვე შეთანხმებული აქვს.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურთან ასევე შეთანხმებულ სატრანსპორტო სქემაც. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში ავტობუსის გაჩერებაც მოეწყობა.

 

 

მასშტაბურ პროექტს კომპანიის 2020 წელს შევსებული ანგარიშგებაც ადასტურებს. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 1 თებერვალს, შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ (ბრენდი „დომინო“) თავის მშობელ კომპანიასთან „TERMINAL WEST (DIY) HOLDINGS LIMITED“ დამატებითი სესხის ხელშეკრულება გააფორმა,  5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯამური ლიმიტით. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სესხის ხელშეკრულების მიზანი იყო ძირითადი საშუალებების შესყიდვისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსება ახალი მაღაზიის გასახსნელად, რომელიც გლდანი-დიღმის დამაკავშირებელი მაგისტრალის ჩრდილოეთით განთავსდება.

წყარო: commersant.ge

 

Share